"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გაეროს წამების აკრძალვის ქვეკომიტეტს საქართველოში ჩამოსვლის თხოვნით მიმართავს

"კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" გაეროს წამების აკრძალვის ქვეკომიტეტს მიმართა და მოითხოვა, რომ საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით ვიზიტი დაიგეგმოს.

42-ე მუხლის წარმომადგენელთა განცხადებით,  მათ ქვეკომიტეტს მიაწოდეს ინფორმაცია 18 და 19 სექტემბერს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების თაობაზე, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ასახავს.

წერილში "42-ე მუხლი" დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არაერთი საქმის წარმოება მიმდინარეობს, რომელიც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ეხება.

"პატიმრებს საპყრობილეების ადმინისტრაცია ხშირად აშინებს ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საქმეებთან დაკავშირებით, რათა უარი თქვან საქმეთა წარმოების გაგრძელებაზე. არსებობს იმის ალბათობა, რომ წამება და სასტიკი მოპყრობა პატიმრების მიმართ კვლავაც არ შეწყდება. მაშინაც კი, თუ დამნაშავეები, რომლებიც ნაჩვენები არიან ვიდეოჩანაწერებში, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. გარდა ამისა, არის საფრთხე, რომ ეს ფაქტი შეფასდება განყენებულად და მსგავსი სისტემატური დარღვევები პატიმრების მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. "42-ე მუხლს" მიაჩნია, რომ წამების საწინააღმდეგო ქვეკომიტეტის ვიზიტს საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რათა მოხდეს შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა სისტემური დარღვევების აღმოფხვრის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

"42-ე მუხლმა" ასევე მიმართვა გაუგზავნა წამების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებლს, რათა მან ყურადღება გაამახვილოს ქართულ პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოავლინოს საპატიმრო დაწესებულებებში წამების სხვა ფაქტები და დამნაშავე პირების დასასჯელად შესაბამისი ზომები მიიღოს.