ცენტრი „ემპათია“ ციხეთა სისტემაში დამოუკიდებელი პროფესიული მონიტორინგის სისტემის აღდგენას მოითხოვს

ცენტრი „ემპათია“ ციხეთა სისტემაში დამოუკიდებელი პროფესიული მონიტორინგის სისტემის აღდგენას მოითხოვს

ცენტრი „ემპათია“ ციხეთა სისტემაში  „ემპათია“- ს ექპერტთა ჯგუფის მიერ მონიტორინგისა და კრიზისული ინტერვენციის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით, ცენტრი „ემპათია“ განცხადებას ავრცელებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ციხეთა სისტემაში დამოუკიდებელი პროფესიული მონიტორინგი აღსდგეს.

განცხადების თანახმად, საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების სისტემატურ ხასიათზე და დაუსჯელობის სინდრომზე ცენტრი „ემპათია“ ყოველწლიურად აქვეყნებდა ანგარიშს  და ქმედითი ცვლილებებისათვის,  როგორც ადგილობრივ პასუხისმგებელ პირებს,  ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებდა.

„აღნიშნულის საფუძველზე,  ცენტრი „ემპათია“-  ს პროგრამა ციხეთა სისტემაში შეჩერებულ იქნა ყოფილი მინისტრის ხ. კალმახელიძის გადაწყვეტილებით 2010 წლის ივლისში (დაიხურა რეაბილიტაციის ცენტრები ქალთა და მოზარდთა კოლონიაში და მოზარდთა ციხეში),  რასაც შედეგად მოჰყვა წამების ფაქტების განვრცობა მოზარდთა ციხეშიც და ქალთა კოლონიაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის კატასტროფული ზრდა.  ცენტრი „ემპათია“ - ს ექსპერტთა ჯგუფი წლების განმავლობაში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების სიტემის მონიტორინგში და 2009 – 2010 წწ.  500 -ზე მეტი წამების მსხვერპლი იქნა გამოვლენილი, რის გამოც 2011 წლიდან ცენტრ  „ემპათია“- ს ექპერტთა ჯგუფს აღარ მიეცა მონიტორინგის განხორციელების საშუალებაც,  რასაც მოჰყვა წამების ფაქტების გახშირება და მეთოდების გასასტიკება აღნიშნულ სისტემაში.“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეპათია-ს“ წარმომადგენლების თქმით, ეს არის ერთადერთი პროფესიული ორგანიზაცია საქართველოში,  რომელიც   აწარმოებს წამების ფაქტების დოკუმენტირებას გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად,  ასევე,  ახდენდა და ახდენს შესაძლებლობის ფარგლებში წამების მსხვერპლთა მულტი - პროფილურ რეაბილიტაციასა და სამართლებრივ დახმარებას.

განცხადების მიხედვით, ამჟამად ხორციელდება ცენტრი „ემპათია“ - ს პროექტი „წამების მსხვერპლთა მულტი - პროფილური რეაბილიტაცია და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა“, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების კუთხით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცენტრში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ციხეთა სისტემაში დამოუკიდებელი პროფესიული მონიტორინგი აღსდგეს.

ამავდროულად  ისინი აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად,  წამების მსხვერპლს უნდა მიეცეს წამების ფაქტების გაცხადების, დოკუმენტირება - ექსპერტიზისა და მულტი –-პროფილური რეაბილიტაციის უფლება.

„როგორც მრავლად გავრცელებულმა ვიდეო მასალამ აჩვენა,  ამგვარი მსხვერპლები საქართველოს ციხეთა სისტემაში მრავლად მოიპოვება, რის საფუძველზეც კატეგორიულად მოვითხოვთ ციხეთა სისტემაში ცენტრი „ემპათია“- ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მონიტორინგისა და კრიზისული ინტერვენციის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს,  პრემიერმინსტრს, სახალხო დამცველს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ ევრო - კავშირის საელჩოებს, ა.შ.შ  ელჩს საქართველოში და საერთაშორისო  და სახელწიფოთაშორისო ორგანიზაციებს.