სააკაშვილი: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დროებით საპატრულო პოლიცია  შეიყვანეთ

სააკაშვილი: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დროებით საპატრულო პოლიცია შეიყვანეთ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად უნდა გაიხსნას. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც მოხდა, დახურულ სისტემას უკავშირდება. ამიტომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს პატიმრების ახლობლების დაწყნარების მიზნით, პატიმართა ვიდეოპაემნების დანიშვნა დაავალა.

მისივე თქმით, 25 ათასი ოჯახი ნერვიულობს იმის გამო, რაც ნახა ტელევიზორში და თუ სურვილი ექნებათ, სიაში ჩაეწერებიან და თავიან პატიმრებს ვიდეოპაემნის საშუალებით შეხვდებიან.

„დაუკავშირდით მათ და ვისაც უნდა ვიდეოპაემანი, გააკეთეთ სია, ყველა მიიყვანეთ და აჩვენეთ თავიანთი ნათესავები; დაამყარებინეთ კონტაქტი, რომ საღსალამათია და ფიზიკურად პრობლემა არ შეხებია. სისტემა მაქსიმალურად უნდა გავხსნათ. დახურულ სისტემას მოჰყვება ხოლმე ის, რაც მოხდა. პოლიცია ჩვენ გავხსენით და იმის გამო, რომ საზოგადოება ჩართულია, იქ ასეთი რამე მასშტაბურად გამორიცხულია", - განაცხადა მან.

დღესვე პრეზიდენტმა სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საპატრულო პოლიციის შეყვანა დაავალა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დროებითი ღონისძიებაა, სანამ დაწესებულებებში გადახალისება მოხდება.

„ასე იყო თავიდან პოლიციაში. შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები, ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუნქცია, მაგრამ საგანგებო მდგომარეობაა, მანამ სანამ ყველაფერს ფუნდამენტურად არ განვაახლებთ. ეს დროებითი ღონისძიებაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.