სააკაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემის კონტროლზე აყვანა   მერაბიშვილს დაავალა

სააკაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემის კონტროლზე აყვანა მერაბიშვილს დაავალა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე საგანგებო თათბირზე პენიტენციური სისტემის გაუქმებისა და ახლებურად ჩამოყალიბების ბრძანება გასცა. მან სისტემის კონტროლზე აყვანა ვანო მერაბიშვილს დაავალა.

მისი თქმით, რეფორმების დასაწყისში სასჯელაღსრულების სფეროში ნაწილობრივი ცვლილება განხორციელდა, თუმცა მთავარი რამ ისეთივე საზიზღარი აღმოჩნდა, როგორიც იყო.

სააკაშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს მთავარი პროკურატურის ან შსს-ს კომპეტენციას ეხება.

„პენიტენციური სისტემა მთლიანად გასაუქმებელი და ახლებურად ჩამოსაყალიბებელი, გადასახალისებელია. ეს უნდა მოხდეს ისევე, როგორც პატრულში. ეს არის პოლიტიკური კომპრომატების ომი, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. მესმის, რომ ეს შეიძლება სხვაგვარად იმართება და ფულიც ტრიალებს, მაგრამ შენ არ უნდა მისცე საბაბი და არ უნდა აპოვნინო სუსტი წერტილი. მანიაკების ხელში არ უნდა ჩავარდეს სისტემა. როგორი ნულოვანი ტოლერანტობაც გვაქვს დანაშაულის მიმართ, ასევე უნდა იყოს ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევების მიმართ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პენიტენციური სისტემა საპატრულო პოლიციაზე ბევრად პატარა სისტემაა და მას სწრაფად მოევლება.