ივანიშვილი: ერთპიროვნული მმართველობის და ძალადობრივი პოლიტიკის შედეგი საზოგადოებამ უკვე იხილა

ივანიშვილი: ერთპიროვნული მმართველობის და ძალადობრივი პოლიტიკის შედეგი საზოგადოებამ უკვე იხილა

 "ერთპიროვნული მმართველობის და ძალადობრივი პოლიტიკის შედეგი საზოგადოებამ უკვე იხილა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დუშეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ათასობით მოქალაქე ციხეშია გამომწყვდეული ისე, რომ არავითარი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და აღნიშნა, რომ მათი დიდი რაოდენობა, ვისაც აწამებენ აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან.

„მოსახლეობას ემუქრებიან, რომ სახლებიდან არ გამოვიდნენ 21-ე საუკუნეში და საკუთარი აზრი გამოხატონ, მეტი სირცხვილი რა უნდა გვქონდეს. ეს ერთი კაცის იდეოლოგიაა, რომ იცოდეთ ეს არის ერთ კაცზე დაფუძნებული, ის ვინც ასრულებს კანონდარღვევებს. რა თქმა უნდა ისინიც, კანონის წინაშე პასუხს აგებენ. გაუწიეთ წინააღმდეგობა და არ დაარღვიოთ კანონები, რამეთუ ყველას მოგვიწევს პასუხისგება კანონის წინაშე", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ძალადობა არა მარტო ციხეებში არამედ ყველგან ხორციელდება.

„ძალიან დაძაბულია ხალხი, ძალიან ჭარბობს ემოციები. მინდა კიდევ მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისკენ, არ იჩქაროთ, ეს არ იყო ერთადერთი უბედურება, რაც თქვენ გუშინ ნახეთ, გაცილებით მეტი აქვთ მათ გაკეთებული. არ იჩქაროთ, არჩევნებია კარზე მომდგარი. უნდა მოვახერხოთ, რომ მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.