თინა ხიდაშელი: პატიმართა წამების ამსახველ კადრები ბაჩო ახალაიას შემოქმედებაა

თინა ხიდაშელი: პატიმართა წამების ამსახველ კადრები ბაჩო ახალაიას შემოქმედებაა

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი გავრცელებული კადრების გამო შოკირებული არაა, რადგან მსგავსი ფაქტი პირველად არ მომხდარა. ამის შესახებ  ხიდაშელმა „ქართული ოცნებისა“ და დიპკორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვდრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კადრებით შოკირებულია მხოლოდ ის, ვისთვისაც აღნიშნული ფაქტი სიახლეს წარმოადგენდა, თუმცა, ნანახს განსხვავებული ეფექტი აქვს და მისი ყურება ყოველთვის ძალიან მძიმეა.

„ამაში სიახლე არაფერია. მთავარი, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს ისაა, თუ რა ხდება საპატიმროებში სხვა დღეებში. ყოველი დღე, ყოველი დილა და დერეფანი კამერის მეთვალყურეობის ქვეშაა“ - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველ კადრები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას შემოქმედებაა. ხიდაშელი აცხადებს, რომ საზოგადოებამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ვინმეს გადადგომაზე კი არ უნდა ისაუბროს, არამედ პასუხი ყველამ უნდა აგოს.

„ამ სიის სათავეში შს მინისტრი ბაჩო ახალაია უნდა ჩადგეს, რომელმაც მსგავსი არაადამიანური მოპყრობა ქართულ ციხეებში დაამკვიდრა. ამ ფორმით ადამიანების წამება ციხეებში მისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსობის დროს დაიწყო“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ შსს-მ გაავრცელა. ამასთან, პატიმართა წამების ამსახველი ფაქტები ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც გავრცელდა.