„ახალგაზრდა ადვოკატები“ დიპკორპუსს და სადამკვირვებლო მისიებს ციხეში მომხდარი ძალადობის  ადეკვატური შეფასებისკენ მოუწოდებენ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დიპკორპუსს და სადამკვირვებლო მისიებს ციხეში მომხდარი ძალადობის ადეკვატური შეფასებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიიჩნევენ, რომ  გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით,  სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა უსწრებდეს.

ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ უნდა აიღოს, რომელმაც თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, შოკისმომგვრელი, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და სასტიკია მსჯავრდებულთა ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ის კონკრეტული ვიდეოკადრები, რომელიც საზოგადოებისთვის საჯარო გახდა.

„მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ერთობლიობას წარმოადგენს და მათზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციებით გათვალისწინებული მუხლებითაც უნდა დადგეს“,  - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

მათი თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სოლიდარობის პროტესტს უერთდებიან, რომელიც პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო,  უკიდურესად აღმაშფოთებელია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“  საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებენ, რათა ადეკვატურად შეაფასონ მომხდარი ძალადობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს. შსს-ს განცხადებით,  დადგინდა, რომ ფურცხვანიძე,  ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,  შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა. მასალები გავრცელდა ასევე,  ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც, სადაც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული.

ამასთან,  სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს. თანამდებობიდან გათავისუფლებულია ასევე,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა.