„გურია ნიუსი“  ხელისუფლებისგან უსაფრთხოებას ითხოვს

„გურია ნიუსი“ ხელისუფლებისგან უსაფრთხოებას ითხოვს

გამომცემლობა „გურია ნიუსი“ მედიასაშუალების ოფისში შეჭრისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს და ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით გამომცემლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც  საქართველოს ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათშორის კომისიას, ადგილობრივ და საერთაშორისო  სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს.

"გუშინ, 19:00 საათისთვის, ფსევდო "ინფო-9"-ის ჟურნალისტი რედაქციის კუთვნილ შენობაში შემოიჭრა და პროვოკაციის მოწყობა სცადა. ამ ჯგუფს წარმოადგენს ნატო ჩიგოგიძე, რომელიც ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორის, ამჟამად ოლქის #1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მეგობრის, ეთერ წილოსანის შვილია. შემოჭრისას მათი მოთხოვნა იყო, "გურია ნიუსის" თანამშრომლებს გამოერთოთ კამერები და "პირად საკითხებზე" გაეცათ პასუხები - ჩიგოგიძე მიიჩნევს, რომ "დედამისი ჟურნალისტების სახსენებელი არაა და "პირში სამმაგი ოდეკოლონი უნდა გამოივლონ, როცა მას ახსენებენ." იგი ირონიულად შეხვდა ჩვენს მიერ პატრულის გამოძახებას - მისი თქმით, "ჩვენს გამოძახებაზე პატრული მაშინვე მოცუნცულდებოდა".

აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის მოსვლას ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციასა და რედაქციას შორის მანძილი ძალიან მცირეა. მათ დაგვიანებით მოსვლა "ჯგუფის ადგილზე არყოფნით" ახსნეს. აქვე უნდა ითქვას, რომ "ჟურნალისტის" რედაქციის შენობიდან გასვლა, ისევ მისივე ოპერატორისა და მძღოლის, ასევე, ჩვენი კოლეგების ძალისხმევით მოხერხდა პოლიციის მოსვლამდე. პატრულის თანამშრომლებმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტი დაკითხვაზე დაიბარეს, ხოლო ფსევდო "ინფო-9"-ის ჯგუფი, შემდგომ, კიდევ ორი საათის განმავლობაში რედაქციის შენობის წინ აგრძელებდნენ "პატრულირებას", - ნათქვამია "გურია ნიუსის" განცხადებაში.

განცხადების თანახმადვე, „გურია ნიუსი" ყოველთვის მუშაობდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტიკის პრინციპებით, თუმცა ამის მიუხედავად, გამოცემა ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი.

„მოვითხოვთ, დაცული იქნეს ჩვენი უსაფრთხოება, ამჯერად მაინც, დაისაჯოს ყველა, ვინც შემოიჭრა დამოუკიდებელი მედიასაშუალების ოფისში, მოგვაყენა შეურაცხყოფა და ხელი შეგვიშალა მუშაობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.