აუდიტის სამსახური  „ნაც. მოძრაობის“  შემომწირველის დაჯარიმებასთან დაკავშირებით,  საქალაქო სასამართლოს მიმართავს

აუდიტის სამსახური „ნაც. მოძრაობის“ შემომწირველის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს მიმართავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველის დაჯარიმებასთან დაკავშირებით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად,  ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 13 პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.   

From.ge სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კანონით მონიჭებული უფლაბამოსილების ფარგლებში, ამოწმებს პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების საკითხს.

პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, პოლიტიკური გაერთიანება  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 13 პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.

ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი ერთი პირის შემოსავლები შეუსაბამო აღმოჩნდა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან. შესაბამისად, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,  რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად, განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა (მოსალოდნელი სანქციის ოდენობა შეადგენს 25.000 ლარს).

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით მიმართავს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 5 სამუშაო დღის ვადაში შემომწირავისათვის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.