ომბუდსმენი საჯარო და სასულიერო პირებს ჟურნალისტების უფლებების დარღვევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ომბუდსმენი საჯარო და სასულიერო პირებს ჟურნალისტების უფლებების დარღვევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი საჯარო და სასულიერო პირებს, ასევე საზოგადოების რიგით წევრებს მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ომბდუსმენის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ომბუდსმენი საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ის რედაქტორის ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას სასულიერო პირების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 13 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას სასულიერო პირებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

აღნიშნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 13 სექტემბერს ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია იმყოფებოდნენ ფოთში მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ისინი აწარმოებდნენ ვიდეო გადაღებას და ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოს გრიგოლისა და მისი თანმხლები სასულიერო პირებისგან გარკვეული სახის ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ.

ელისო ჯანაშიას განმარტებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სასულიერო პირებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე დაუზიანეს აპარატურა. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალით დასტურდება, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

 სამწუხაროა, რომ 2012 წლის განმავლობაში ჟურნალისტთა როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის, ისე მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გმობს ჟურნალისტთა საქმიანობის ხელშეშლის კონკრეტულ ფაქტს და მოუწოდებს საჯარო (მათ შორის სასულიერო) პირებსა და საზოგადოების რიგით წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.