„ქართუ ბანკის

„ქართუ ბანკის" ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა გაითიშა

„ქართუ ბანკის" ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა გაითიშა. ამასთან დაკავშირებით ბანკი განცხადებას ავრცელებს სადაც, შეზღუდვა ეროვნული ბანკის ინსტრუქციას უკავშირდება და "ქართუს" მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე არ ვრცელდება.

ბანკი საერთაშორისო "ვიზა" და "მასტერქარდ" ბარათების მფლობელებს დროებითი შეფერხებისა და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

„2012 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებს გაეგზავნა წერილი 15 სექტემბრიდან ბანკების ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი საგადახდო ბარათებით ოპერაციების განხორციელებისას ბარათის მფლობელის სახელისა და გვარის წაკითხვისა და შენახვის უზრუნველყოფის შესახებ. ბანკი "ქართუს" საპროცესინგო ცენტრის საბარათო ბიზნესის მუშაობა დაფუძნებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის ACI Worldwide Ltd- ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლის მოქმედი ვერსია საპროცესინგო ცენტრის ქსელში ჩართულ ბანკომატებსა და ტერმინალებში გამოყენებული უცხოური ბარათების საიდენტიფიკაციო მონაცემების (კლიენტის სახელის და გვარის) რეგისტრაციას არ ითვალისწინებს. ბანკის მიერ გამოყენებული ბარათების პროცესინგის პლატფორმა - BASE 24  - არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, მაღალდაცული და მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო საგადახდო სისტემების სტანდარტების შესაბამისად და რისკ-მენეჯმენტის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით. ბანკი "ქართუს" საპროცესინგო ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ინტერნეტული ტრანზაქციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავის მომხმარებელს ერთჯერადი, დინამიური პაროლის გამოყენებას სთავაზობს. ბუნებრივია, რომ იგი არ ითვალისწინებს ნაკლებადმნიშვნელოვანი, პროცესინგისთვის მეორეხარისხოვანი ინფორმაციის წაკითხვასა და მით უფრო - შენახვას. ამდენად, ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და ინსტრუქციების შეუსრულებლობით განპირობებული ნებისმიერი სანქციების თავიდან აცილების მიზნით, სს ბანკი "ქართუ" იძულებული გახდა, 15 სექტემბრიდან გაეთიშა ბანკის ქსელში ჩართულ ბანკომატებში უცხოური და ადგილობრივი ბარათების განაღდების შესაძლებლობა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბანკი "ქართუს" მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე)", - ნათქვამია ბანკი "ქართუს" განცხადებაში.