საზოგადოებრივი მისაღების  ვებ-გვერდი

საზოგადოებრივი მისაღების ვებ-გვერდი "ხალხის სამსახურში" ამოქმედდა

 სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საზოგადოებრივი მისაღების ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

ვებგვერდი public.mcla.gov.ge პენიტენციურ სისტემასთან მსჯავრდებულთა ოჯახების წევრების, უფლებების დამცველებისა და სხვა დაინტერესებული პირების მარტივი ურთიერთობისა და არსებულ სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.

პროცედურების კიდევ უფრო  გასამარტივებლად საიტზე შესაძლებელია მსჯავრდებულთან პაემანზე ონლაინ რეგისტრაცია, საჭირო განცხადების ფორმის ჩამოტვირთვა, დამატებითი სერვისის სახით ფუნქციონირებს ასევე  იურიდიული კონსულტაციის ონლაინ სერვისი და ონლაინ ჩატი.

საზოგადოებრივი მისაღების საიტზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია  ვიზიტორთა მომსახურების, საზოგადოებრივი მისაღებების ამოქმედებისა  და საზოგადოებრივი კონსულტანტების  მუშაობის შესახებ.

ხელმისაწვდომია ინფორმაცია მსჯავრდებულებისთვის არსებული სერვისების, პატიმრების უფლებებისა და  დაწესებულებაში ვიზიტის წესების შესახებ.

პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მისაღები უკვე №8, №18, №15, №19, №16 და №17 დაწესებულებებთან ფუნქციონირებს. ეტაპობრივად კი, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.