„მილს ისე გადავკეტავთ, რომ ფეკალური მასა საავადმყოფოში ავიდეს“

„მილს ისე გადავკეტავთ, რომ ფეკალური მასა საავადმყოფოში ავიდეს“

გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩის მოსახლეობა უკვე კარგახანია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მიზეზი დაზიანებული საკანალიზაციო მილია, საიდანაც ფეკალური მასა ქუჩაში ღიად მიედინება და ხევში ჩადის.  ამის შესახებ რეგიონული გამოცემა „სპექტრი“ წერს. გამოცემის ჟურნალისტი, მარინა პეტრიაშვილი, რომელიც პრობლემით დაინტერესდა, წერს, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ანტისანიტარია და საშინელი სუნი აწუხებთ და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი უკიდურესი ზომების მიღებას აპირებენ.

„სპექტრის“ ინფორმაციით, საკანალიზაციო სისტემა, რომელიც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საავადმყოფოს ეკუთვნის, თითქმის ერთი თვეა, რაც ორ ადგილას დაზიანდა. მილიდან გადმოსული ფეკალური მასა, პირდაპირ ქუჩაში იღვრება და იტბორება, არტეზული ჭიდან კი ხევში ჩადის. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი სუნი დგას.

საკანალიზაციო სისტემის გაყვანა, ქოროღლიშვილის ქუჩაზე აპრილის თვეში დაიწყეს, რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

მაშინ „სპექტრმა“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერს გიორგი ჯაჯანაშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკანალიზაციო სისტემა დადგენილი წესით კეთდება და მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

„მაგისტრალი გამოივლის ხევზე, მაგის ხიდზე გადატარება არ არსებობს, პრაქტიკულად გამორიცხულია, შემდეგ გაიჭრება გზა და შეუერთდება მოქმედ საკანალიზაციო სისტემას“, - გვითხრა მაშინ გიორგი ჯაჯანაშვილმა- აღნიშნულია „სპექტრის“ ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სტატიაში.

ექსპლუატაციაში შესვლიდან დაახლოებით 5 თვეში სისტემა დაზიანდა. ხევი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაბინძურდა და ანტისანიტარიის ბუდედ იქცა.

„საკანალიზაციო მილი უკვე დიდი ხანია გაფუჭებულია. იქიდან გადმოსული სიბინძურე ხევში ჩადის და ყარს. ამას წინათ წყალი რომ მოვარდა, მთელი ეს ჭუჭყი ჩვენს ქუჩაზე გამოიტანა. საავადმყოფოდან კიდევ ერთი მილია გამოყვანილი, რომელიც ღიად ჩაედინება ხევში, ვერ ვხვდებით ეგ რიღასია. ასე როგორ შეიძლება, ვიღაცამ ხომ უნდა მოგვხედოს?!“ - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ელენე კობერიძე.

ვიტია ჟონჟოლაძე ამ პრობლემით სხვებზე მეტად არის შეწუხებული, რადგან დაზიანებულ საკანალიზაციო ჭასთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა და ამიტომ წინააღმდეგები ვიყავით მილი ხევზე გაეყვანათ. უკვე ისე ვართ შეწუხებულები, გარეთ ვეღარ გამოვსულვართ, საშინელი სუნი დგას. თუ თვითონ არ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაშინ ჩვენ მივხედავთ, მილს გადავკეტავთ და მთელი ეს ფეკალური მასა, უკან საავადმყოფოში რომ ავა, მერე ვნახავთ, გააკეთებენ თუ არა!“ - აღნიშნა მან გამოცემასთან საუბრისას.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მდგომარეობის გასარკვევად ამ დრომდე არავინ მისულა. ქოროღლიშვილის ქუჩის მოსახლეობა პრობლემის მოგვარების მოლოდინშია.