რუსეთს სწავლებაზე „კავკასია 2012“ 8 ათასი სამხედრო გამოჰყავს

რუსეთს სწავლებაზე „კავკასია 2012“ 8 ათასი სამხედრო გამოჰყავს

რუსეთის მიერ კავკასიის რეგიონში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას „კავკასია 2012“ ბი-ბი-სი რუსული ბიურო ეხმიანება და წერს, რომ ეს სწავლება საქართველოს და დასავლეთის რიგი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს.

სწავლებაში საერთო ჯამში 8 ათასი სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა, ათამდე სამხედრო ხომალდი და კატერი, ასევე 100 ერთეული საარტილერიო დანადგარი მიიღებს მონაწილეობას.

სწავლება 2 ეტაპად გაიმართება. მასში მონაწილე სამხედრო ძალები პრაქტიკულ მოქმედებებს შავი და კასპიის ზღვების 4 პოლიგონზე განახორციელებენ.

პირველი ეტაპი კი, სამხედრო პოლიგონ „რაევსკზე“ გაიმართება, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს.

სწავლების გახსნაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ელოდებიან. მანევრებს კი, თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი დააკვირდება. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობასთან და სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლობასთან ერთად.

იმის მიუხედავად, რომ სწავლება რუსეთის ტერიტორიაზეა, ის საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს. ოფიციალურმა თბილისმა მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები კავკასიის სახელმწიფოების სუვერენიტეტს ემუქრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის აზრით, საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ,  ამ სწავლებით რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე.

მაქსიმალურად გამჭვირვალედ“

გასულ კვირას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა მოუწოდა რუსეთს, სწავლება გამჭვირვალედ წარმართოს.

„ჩვენ სწავლების წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ მოვუწოდებთ გამჭვირვალობისკენ, რადგან ამას ურთიერთნდობის საფუძვლად მივიჩნევთ. რუსეთის მხრიდან არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე -  რა არის სწავლების მიზანი, როდის და სად გაიმართება ის“, - განუცხადა ევრონიუსს რასმუსენმა.

მოსკოვი ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებს

ნატოში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლაი კორჩუნოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული საშტაბო-საკომანდო სწავლების, „კავკასია 2012“ -ის ირგვლივ ატეხილი ხმაური, თავისი მასშტაბებით,  დადგმული საინფორმაციო კამპანიის სახეს იძენს“.

მისი განცხადებით, სწავლებისთვის მზადება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.

„ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებსა და სამხედრო ატაშეებს მოსკოვში სრული ინფორმაცია ჰქონდათ სწავლების ამოცანისა და ხასიათის შესახებ. შეუძლებელია ეს საკუთარ დედაქალაქებამდე ვერ მიეტანათ“, - აღნიშნა კორჩუნოვმა.

ლოგიკური გაგრძელება

მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სწავლება, არ უკავშირდება მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ ვითარებას. განსაკუთრებით კი, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს.

„ეს სტრატეგიული საშტაბო-საკომანდო სწავლება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიგეგმა და მსგავსი ტიპის ყველა წინა წვრთნის ლოგიკური გაგრძელებაა. ამ სწავლებას არაფერი აქვს საერთო სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან“, - განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ პოსტინკოვმა.

ხოლო ნიკოლაი კორჩუნოვმა, „კომერსანტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „რუსეტი არ ჩარეულა და არც აპირებს ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“.