ბიძინა ივანიშვილი: ბაგრატის ტაძარი ძალიან პოლიტიზირებული გახადეს, რაც  არ შეიძლება

ბიძინა ივანიშვილი: ბაგრატის ტაძარი ძალიან პოლიტიზირებული გახადეს, რაც არ შეიძლება

ევროპის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ,  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  ბაგრატის ტაძარი ძალიან პოლიტიზირებული გახადეს, რაც ასე არ შეიძლება.

„სააკაშვილმა ეხლა ვენები გადაიჭრა, რომ გინდათ თუ არა მან გააკეთა ტაძარი. არ გაუკეთებია. გაცილებით მეტი მაქვს მე გაკეთებული მაგ მიმართულებით და ასევე თქვენ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. სურს, ესეც მიითვისოს, ამიტომ ეს თემა დავასრულოთ. 500-ზე მეტი ძეგლი მაქვს აღდგენილი და არცერთის გახსნაზე ასეთი აჟიოტაჟი არ აგვიტეხავს და ახლაც ასე უნდა ყოფილიყო. გააკეთა ერთი საქმე და გადაიჭრა ვენები. აკეთებს იმისთვის, რომ მიითვისოს და აღმშენებლობას მიაწეროს. დაანებეთ თავი სპეკულაციას და ნუ უჯერებთ ამ კაცს“,  - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პატრიარქის მოწოდებას, ივანიშვილის თქმით, ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე  კოალიციის  წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მაგრამ ეს არ არის აუცილებელი და ასე ნუ ახურდავებთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, უწმინდესის მორიგ მოწოდებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 23 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევას დაესწრონ, ივანიშვილის განცხადებით, ეს აუცილებელი არ არის და სააკაშვილმა ეს პროცესი აუცილებელი არ უნდა გახადოს.

შესაბამისად მისი თქმით, არ იცის შეძლებს თუ არა ჩასვლას ფოთში.

„დრო როგორც გვექნება იმის მიხედვით. არ არის აუცილებელი და ნუ გახადა სააკაშვილმა აუცილებელი პროცესი. მას ჰგონია, რომ თავად ააშენა ტაძარი. მივესალმებით ფოთის ტაძრის კურთხევას. თუ მოვახერხებთ, ჩავალთ,  თუ არადა, როცა მოვახერხებთ, მაშინ ვცემთ პატივს. ნუ შექმნის აჟიოტაჟს. ეკლესიური გახდა ვითომ სააკაშვილი ახლა“, - განაცხადა  ივანიშვილმა.