„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სააკაშვილის მმართველობა ბრიტანეთის პარლამენტთან გააპროტესტეს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სააკაშვილის მმართველობა ბრიტანეთის პარლამენტთან გააპროტესტეს

მონაწილეებმა აქციით სააკაშვილის მმართველობა გააპროტესტა და აღნიშნეს, რომ ამ რეჟიმმა „ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და სრული ტოტალიტარიზმისაკენ დღითიდღე მიიწევს“. მათ სპეციალური მიმართვის ტექსტის შეიმუშავეს, რომელსაც From.ge გთავაზობთ:

„ჩვენ ვიცით, რომ დგება დრო, როცა ჩვენ ყველა დავიბრუნებთ ღირსებას. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრნი ვართ საქართველოდან იძულებით უცხო ქვეყნებში წამოსულნი. გვინდა იცოდეს ყველამ, რომ ჩვენი გული საქართველოშია და ქვეყნის გარეთ მხოლოდ იმიტომ ვართ, საკუთარ ოჯახებს ღირსება რომ შევუნარჩუნოთ! ჩვენ თავად უნდა შევქნათ ისეთი გარემო, რომ ჩვენი განათლება, ცოდნა და გამოცდილება ჩვენსავე სამშობლოში დაფასდეს! ეს დრო ახლოვდება!

ცხრაწლიანი მცდელობა იმისა, რომ წაგვართვან სიტყვა,შეგვიზღუდონ თავისუფალი აზროვნება და მოახდინონ ქართველი ხალხის, ქართული ხასიათის დეგრადაცია, ჯერ კიდევ წარმატებით ხორციელდება. ჩვენ წაგვართვეს ხმა, შეგვილახეს უფლებები და რაც მთავარია, შელახეს ჩვენი ღირსება. გვჯერა, რომ „ქართული ოცნების” გამარჯვება ამ პროცესს დაამთავრებს!

ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ „ქართული ოცნება” დააბრუნებს სამართლიანობას ქვეყანაში, გაათავისუფლებს ბიზნესს რეკეტიორი სახელმწიფო მანქანისგან, შექმნის კონკურენტულ გარემოს, გაათავისუფლებს მედიას და ქვეყანას დააყენებს არა ფსევდო, არამედ რეალური ევროპული განვითარების გზაზე.

არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი. არჩევანის გაკეთება ჩვენს ხელთაა. ჩვენს ხელთაა ასევე ჩვენი ხმების დაცვის უფლება! ხელისუფლება სხვ და სხვა მაქინაციებით, მათ შორის არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით თუ ემიგრანტებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკანონებით ძალიან ეცადა არჩევნებში მონაწილეობაში ჩვენს ხელშეშლას, მაგრამ მოგიწოდებთ, გამოვნახოთ ყველა რესურსი, მივიღოთ მონაწილეობა ამ ისტორიულ პროცესში და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! – ჩვენ ეს შეგვიძლია!

ესაა ჩვენი, ლონდონში თავმოყრილი ემიგრაციის სულისკვეთება. მოგმართავთ თხოვნით, ინფორმაცია ბრიტანეთის დედაქალაქში ჩატარებული ამ აქციის შესახებ, გაავრცელოთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებებით. ეს სხვა ქვეყნებში მყოფ ქართველ ემიგრანტებს, დაანახებს, რომ ჩვენ არ გვეშინია, რომ ჩვენ დღეს, ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ურთულეს და უმნიშვნელოვანეს დროს ხმას ვიმაღლებთ სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ, რომელმაც, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დღითი- დღე მიიწევს სრული ტოტალიტარიზმისაკენ.

ინგლისში მყოფი ემიგრანტები მოგმართავთ ყველას -დავუჭიროთ მხარი კოალიცია „ქართულ ოცნებას” და ასე ერთად დგომით და ერთსულოვნებით შევძლოთ და ავიხდინოთ ქართული ოცნება!“ - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

აქციას ლონდონში მყოფი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და „მომავლის პარტიის“ ლიდერი გია მაისაშვილიც შეუერთდნენ.