ქართული ოცნება: კოალიციას აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ქცევის კოდექსი

ქართული ოცნება: კოალიციას აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ქცევის კოდექსი

კოალიცია "ქართული ოცნება” ქცევის კოდექსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.რომლესაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

ვინაიდან ხელისუფლება განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს კოალიცია "ქართული ოცნება" არ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ წინასაარჩევნო ქცევის წესებს, საჭიროდ ვთვლით განვაცხადოთ შემდეგი:

 1. კოალიციამ 23 ივლისს განაცხადა უპირობო მზადყოფნა არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17 პუნქტიან ქცევის კოდექსთან შეერთებაზე და, ასევე, ტექსტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხის განხილვაზე, თუ ვინმე ამის საჭიროებას დააყენებდა.  (იხ. დანართი 1).

 დანართი 1.  ( კოალიცია "ქართული ოცნების"  23 ივლისის განცხადება

2012  როგორც ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივებს სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მხარს ვუჭერთ კამპანია "ეს შენ გეხება!" ეგიდით ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს და მზად ვართ ავიღოთ ამ დოკუმენტში ასახული პრინციპების დაცვის ვალდებულება.

 ვთვლით, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ალტერნატიული ინიციატივები, მათ შორის, აღნიშნული დოკუმენტის რაიმე სხვა დოკუმენტის დამატებად განხილვის თაობაზე, ხელს არ უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას.

 ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტის და  უმცირესობების თუ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არ გამოყენების ვალდებულება.)

 2. კოალიციამ 6 აგვისტოს განაცხადა, რომ უპირობოდ შეუერთდა ინიციატორი ორგანიზაციების მიერ დაზუსტებულ დოკუმენტს, რომელშიც აისახა ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული საკითხებიც და აიღო ამ დოკუმენტში მოცემული პრინციპების და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება (იხ. დანართი 2); (  კოალიცია "ქართული ოცნების"  6 აგვისტო, განცხადება

კოალიცია "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის  ერთგულებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუშვებლობისადმი. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, კოალიცია უპირობოდ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17 პუნქტიან დოკუმენტსაც და აიღო მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება.

 ამასთანავე, კოალიცია "ქართული ოცნების" შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული ქცევის წესების სისტემატური დარღვევა. კერძოდ, ბოლო დღეებში აჭარაში კვლავ დაფიქსირდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებაში ჩათრევის მცდელობა.

 მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად და სრულყოფილად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და ობიექტური შეფასება მისცენ მომხდარს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით.)

 3. კოალიციამ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვა სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგის ქმედითი მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით;

 4. კოალიცია, დღეს, 17 სექტემბერს კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყოველგვარი შენიშვნების, დამატებებისა და წინაპირობების გარეშე აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ქცევის კოდექსი იმ სახით, როგორც ის ქართულ და ინგლისურ ენებზეა გამოქვეყნებული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდზე 20 აგვისტოს თარიღით (http://transparency.ge/en/post/general-announcement/proposals-affects-you-to). ცხადია, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება ვრცელდება დოკუმენტის ბოლო პუნქტზეც - "ვაღიარებთ ზემოჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს";

 5. სინამდვილეში, სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიყვანა ჩიხში სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებული პროცესი, უარი თქვა დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან მიერთებაზე და ალტერნატიული დოკუმენტების ფრიალით ცდილობს ამ ფაქტის მიჩქმალვას. თუ ჩვენი ამ მორიგი განმარტების შემდეგ კიდევ გააგრძელებს ვინმე სპეკულაციებს იმაზე, რომ ჩვენ არ ვაღიარეთ სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებულ ქცევის კოდექსი ან რაიმე დაბრკოლება შევქმენით ამ პროცესში, ჩავთვლით, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის აგიტატორებთან.