ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურის მიერ მერაბ სამადაშვილის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს

ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურის მიერ მერაბ სამადაშვილის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს

16 სექტემბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით ნანა ლეჟავას გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ გავიდა სიუჟეტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ სამადაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით. სიუჟეტში მოყვანილი იყო კონკრეტული მოწმეების კომენტარები სამადაშვილის კორუფციული და უკანონო ქმედებების შესახებ, მათ შორის საარჩევნო პროცესების არამართლზომიერად წარმართვასთან დაკავშირებით: სიუჟეტის მონაწილეები საუბრობდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან, ამომრჩევლებზე ზეწოლის, დაშინების, მუქარის, მოსყიდვის და სხვა სახის უკანონო ღონისძიებების გატარების მიზნით, სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებაზე.

 აღსანიშნავია, რომ მერაბ სამადაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსის მოპოვებას 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე უკვე მე-4 ვადით აპირებს. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები შევარდნაძის დროინდელ „მუმიებს“ ოპოზიციურ პარტიებში დაეძებენ.

 პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურისგან საქმის აღძვრას და სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

 ამასთან, პარტია მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ საარჩევნო პროცესების მონიტორინგზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით და შეისწავლონ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები.