„შაჰდენიზის“ კომპანიონები  Nabucco West-ის მშენებლობას დააფინანსებენ

„შაჰდენიზის“ კომპანიონები Nabucco West-ის მშენებლობას დააფინანსებენ

"შაჰდენიზის“ საბადოზე გაზის მომპოვებელი კომპანიის პარტნიორები გაზსადენ Nabucco West-ის პროექტთან შეთანხმებაზე ხელმოწერას აპირებენ, რომელიც მისი განხორციელების  დაფინანსებას ითვალისწინებს.  ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend.az-ი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის დირექტორზე, როვნაგ აბდულაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

აბდულაევი აზერბაიჯანულ სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „შაჰდენიზის“ პარტნიორები აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ორ პროექტს განიხილავენ - Nabucco West-ს და ტრანსადრიატიკულ გაზსადენს. ამ პროექტების განხილვა ერთიანი კრიტერიუმებით ხდება და შერჩევის პროცესი მომავალი წლის მაისისთვის დასრულდება.

Nabucco West-ი თურექთ-ბულგარეთის საზღვრიდან ავსტრიის ბაუმგარტენამდე 1300 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს, მარშრუტით: ბულგარეთი (412კმ.), რუმინეთი (469 კმ.), უნგრეთი - (384 კმ.), ავსტრია (47 კმ.)

პროექტის აქციონერები არიან ავსტრიული OMV, უნგრული FGSZ, ბულგარული Bulgargaz-ი, რუმინული Transgaz-ი, თურქული Botas-ი და გერმანული RWE.