ალექსანდრე კვიტაშვილსა და თსუ-ს სტუდენტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ალექსანდრე კვიტაშვილსა და თსუ-ს სტუდენტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილსა და თსუ-ს სტუდენტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წევრებმა, რომლებიც თსუ-ში მიმდინარე სტუდენტების აქციაში მონაწილეობენ, რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს და მის კაბინეტთან სკანდირებდნენ - "გამოდი, გამოდი". კაბინეტიდან ალექსანდრე კვიტაშვილი გამოვიდა, რომელიც სტუდენტების დამშვიდებას ცდილობდა. ასევე, მან მოუწოდა სტუდენტებს, ჯგუფი შექმნან, რომელთანაც ის დიალოგს წარმართავს.

კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ერთი წელია, "ლაბორატორია 1918"-ის წევრებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს.

რექტორის განცხადებამ სტუდენტების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მათი თქმით, რომ ორი წელია თავად ისინი ითხოვენ რექტორთან შეხვედრას, თუმცა ეს ვერ ხერხდება, კვიტაშვილის განცხადება შეხვედრის სურვილთან დაკავშირებით კი სიცრუეა.

„უნივერსიტეტში ავტოკრატიაა და მაღალი გადასახადების შესაბამისი სწავლების დონე არ არის, რექტორი, რექტორატი და რექტორატთან დაახლოებული პირები მხოლოდ მაღალი ხელფასებს იღებენ, საქმე კი არ კეთდება“, - აღნიშნეს სტუდენტებმა.

სტუდენტებმა რექტორს სააქტო დარბაზში გადასვლისკენ მოუწოდეს, თუმცა რექტორმა განაცხადა, რომ ასეთ რეჟიმში აღელვებულ სტუდენტებთან შეხვედრა წარმოუდგენელია.

სტუდენტების ნაწილი თსუს-თან აქციას დილიდან მართავს. თავდაპირველად ისინი პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი - ტრანსფარენტებითა და სასტვენებით უნივერსიტეტში ხმაურით შევიდნენ და სკანდირებდნენ – "ავტონომია უნივერსიტეტს" და "დაუბრუნეთ უნივერსიტეტს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორები".

სტუდენტების ნაწილმა პირველი აქცია 14 სექტემბერს გამართა.