აუდრონიუს აჟუბალისი:  მნიშვნელოვანია  არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს

აუდრონიუს აჟუბალისი: მნიშვნელოვანია არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგოლ ვაშაძე ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა მათ საქართველოსა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერისთვის.

მისი განმარტებით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა არჩევნები, უსაფრთხოება და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში, ასევე ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა იყო.

განცხადება გააკეთა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა. მისი თქმით, საქართველოს ეწვივნენ, რათა გამოხატონ ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მან საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ჩვენ აქ არ ვართ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ გვინდა დავინახოთ საქართველოს პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა აჟუბალისმა.

როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა აღნიშნა, საქართველო მაგალითია იმისა, თუ როგორ ქვეყანამ შეძლო პროგრესირება ევროპასთან ურთიერთობაში. მან საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა, რადგან მისი თქმით, სწორედ მათი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს.

„უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი ჩატარდეს მაღალ დონეზე. საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს დემოკრატიის", - განაცხადა ნიკოლაი მლადენოვმა.

რაც შეეხება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარელ შვარცენბერგს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრები და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ძლიერი მხარდამჭერები არიან. მისივე თქმით, ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის.

„ჩვენ ვიქნებით მიუკერძოებელი დამკვირვებლები და იმედია, ჩვენს პოზიციაზე გავლენა არც ერთ მხარეს არ ექნება. ჩვენ ფაქტებს აღვრიცხავთ, საუკეთესო მეგობარი არის ის, ვინც შეცდომებს ხედავს და გვეუბნება", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რიკნევიჩმა კი განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიან გარემოში არჩევნებში, რაც სხვა ქვეყნების რეგიონებსითვისაც მძლავრი სიგნალი იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას სამართლიანი და თანაბარი პირობები ჰქონდეს და თუ შედეგები გამოცხადდება, რომელსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღიარებენ სამართლიანად, ყველა პარტიამ უნდა აღიაროს ეს", - განაცხადა მან.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლატეანმა კი დასძინა, რომ ეს ვიზიტი არის იმ ვალდებულების მაჩვენებელი, რომელიც ევროკავშირს აქვს აღებული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გზაზე.

„საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული რეფორმების გზაზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის გზაზე და გვინდა ეს წინსვლა გაგრძელდეს", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.