დიჯეების პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში(VIDEO)

დიჯეების პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში(VIDEO)

თბილისში 22 სექტემბერს, დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი ელექტრო ღამე 2012“-ი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ევროპის ელექტრონული მუსიკის სტუდია DeepClass Records-ში გაწევრიანებული 4 უცხოელი დიჯეი ეწვევა.

„თბილისი ელექტრო ღამე 2012“- აჭარაბეთის შენობაში 18:00 საათზე გაიხსნება. FER FERRARI, AMIR GROOVE, JOHNNY FIASCO და JUNIOR LOPEZ-თან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ექვსი ქართველი დიჯეი - The Forest, გიო შენგელია, Tomma, Jorjick, Bero და Mouse მიიღებენ. ფესტივალს ქართველი მუსიკოსები გახსნიან.

ფესტივალის ფარგლებში, 21 სექტემბერს, 17:00 საათზე სასტუმრო “Holiday Inn“-ში სტუდია DeepClass Records-ის წევრები FER FERRARI, AMIR GROOVE, JOHNNY FIASCO და JUNIOR LOPEZ ქართველი მუსიკოსებისთვის 3–საათიან სემინარს გამართავენ.

ისინი ელექტრონული მუსიკალური ინდუსტრიის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, გაუზიარებენ ქართველ მუსიკოსებს იმ გზებს, თუ როგორ უნდა გავიდეს მათი მუსიკა ევროპულ ბაზარზე და როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი მუსიკის პოპულარიზაცია. სემინარზე დასწრება ქართული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერებს და შემსრულებლებს შეეძლებათ.

„თბილისი ელექტრო ღამე 2012“ წელს პირველად იმართება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ის სამომავლოდ სისტემატიურ სახეს მიიღებს. ფესტივალის მიზანს როგორც ელექტრონული მუსიკის საქართველოში პოპულარიზაცია, ასევე  ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს შორის კონტაქტების დამყარება და სამომავლოდ მათი თანამშრომლობა წარმოადგენს.