ბიძინა ივანიშვილი: იქნებ გააცნობიერო მიშა, რომ შენი დრო დასრულებულია

ბიძინა ივანიშვილი: იქნებ გააცნობიერო მიშა, რომ შენი დრო დასრულებულია

„მოვუწოდებ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაიაზროს, რომ მისი მმართველობის დრო დასრულებულია“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ წინასაარჩევნო პროექტის „ხაზზეა საქართველო“-ს ეთერში განაცხადა.

ივანიშვილის აზრით, დროა ასევე სააკაშვილმა არჩევნების გაყალბებაზე ფიქრი შეწყვიტოს.

„იქნებ გააცნობიერო მიშა, რომ შენი დრო დასრულებულია. კიდევ გაქვს შესაძლებლობა ჩადგე ხალხის სამსახურში თუ თავს დაანებებ აგრესიულ განცხადებებს და არჩევნების გაყალბებაზე ფიქრს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი რიტორიკით საზოგადოების დაპირისპირებას და დანაწევრებას ცდილობს.

ივანიშვილის თქმითვე, ბოლო დროს, საქართველოში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური დელეგაცია იყო ჩამოსული და მათ საინტერესო პოზიციები დააფიქსირეს.

„შესაძლოა, სააკაშვილმა გააცნობიერა, რომ მას თავზე ხელს არავინ გადაუსვამს და არავინ გაუფორმებს არჩევნების გაყალბებას“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.