ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი თავისუფლებისა და ღირსების მოძულეა

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი თავისუფლებისა და ღირსების მოძულეა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნით მის მიერ გაღებული  თანხით ხელისუფლებაში მაღალ ხელფასებს ირიგებდნენ.  ამის შესახებ, ივანიშვილმა ახალციხეში „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით,  8  წლის წინ იმედი წარმოიშვა, რომ ქვეყანა ბევრ უკეთურობაზე იტყოდა უარს და პირველ წლებში ამის ნიშნებიც არსებობდა.

„შეძლებისდაგვარად ვედექი გვერდით ჩემს სამშობლოს და სახელმწიფოს ვეხმარებოდი. არასოდეს დამითვლია რამდენს ვიხდიდი ჩემი სამშობლოს დასახმარებლად,  მაგრამ ახლა, როცა დამანგრეველობას მწამებენ,  გეტყვით, რომ სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნით ჩემს მიერ გაღებული თანხით ხელისუფლებაში მაღალ-მაღალი ხელფასებიც რიგდებოდა, შენობებიც შენდებოდა და რემონტდებოდა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის პოლიციასა და ჯარსაც ეხმარებოდა.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, საბოლოოდ,  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისე დააძაბუნა ქვეყანა,  რომ „გაჭირვებულ ადამიანს საბჭოეთი მოენატრა“.

„სწორედ ამიტომ არის სააკაშვილი თავისუფლებისა და ღირსების მოძულე.  დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი დახმარება სათავისოდ გამოიყენეს“, - განაცხადა  ივანიშვილმა.