ივანიშვილი: აქამდე მხოლოდ სააკაშვილისგან ვისმენდით ათას სისაძაგლეს, მაგრამ  ახლა ამაში მერაბიშვილი და უგულავაც  არ ჩამორჩნენ

ივანიშვილი: აქამდე მხოლოდ სააკაშვილისგან ვისმენდით ათას სისაძაგლეს, მაგრამ ახლა ამაში მერაბიშვილი და უგულავაც არ ჩამორჩნენ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში „ქართული ოცნების“ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას  არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებენ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველი ხალხი ისურვებს.

„ხელისუფლება ძალიან კარგად აცნობიერებს,  რომ არც ერთ კანონდარღვევაზე თვალი აღარ დაიხუჭება.  ჩვენ ძალიან კარგად ვაკონტროლებთ ყველაფერს. მათ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთ.  ვერაფერს გააყალბებენ, არ დაუჯეროთ,  როდესაც სიცრუის მანქანით თქვენში ნიჰილიზმი უნდა დასთესონ,  რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე,  სულერთია მაინც გავაყალბებთო.  არ დაიჯეროთ, არჩევნებზე ყველანი მოდით.  ჩვენ ყველას  ხმას დავიცავთ. ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ,  ყველაფერი ისე იქნება,  როგორც თქვენ გადაწყვეტთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები უტიფრად იტყუებიან, თუმცა სერიოზულად დაიწიეს უკან და აღნიშნავს, რომ პირველ ოქტომბერს უკან დახევა კიდევ მოუწევთ.

„ყრილობაზე მთელი ძალები მოიკრიბეს, მთელი  სახელისუფლებო რესურსი ჩართეს, თუმცა 150 ათასზე მეტი ადამიანი ვერ გამოიყვანეს. კახეთში მაგალითად,  იმ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც მათ აიძულეს თავიანთ  ყრილობაზე მისულიყვნენ,  მეორე დღეს,  ჩვენს აქციას ესწრებოდნენ. სწორედ, მათი მონათხრობიდან ვიცი, როგორ აშინებდნენ და აიძულებდნენ ხალხს მხარდაჭერისაკენ“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ „ხალხს კი აშინებენ, მაგრამ თვითონაც შეშინებულნი არიან“.

„აქამდე მხოლოდ სააკაშვილისგან ვისმენდით ათას სისაძაგლეს, რომელიც დიდი ხანია უხამსობაში  გადავიდა, მაგრამ  ახლა ამაში მისი ერთგული  მერაბიშვილი და უგულავაც  არ ჩამორჩნენ.  მერაბიშვილმა იკადრა და ისიც კი თქვა,  რომ როგორც კლასს გაგვანადგურებს და გაგვაქრობს. ეს მუქარა ლენინიზმს ხომ არ გაგონებთ? მართლაც,  რომ უკან ბოლშევიზმისკენ მიგვაქანებს „ნაც. მოძრაობა“,  მაგრამ   ტყუილები,  უკვე არც უცხოელებთან გადით და არც ქართველ საზოგადოებასთან“, - განაცხადა ივანიშვილმა.