თამარ ჩუგოშვილი: სახელმწიფო ორგანოები თავიანთ მოვალეობებს ვერ ასრულებენ

თამარ ჩუგოშვილი: სახელმწიფო ორგანოები თავიანთ მოვალეობებს ვერ ასრულებენ

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  მიმდინარე კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე“ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის  თამარ ჩუგოშვილის განცხადებით,  მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობა განსაკუთრებით 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გამწვავდა.

ჩუგოშვილის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია რთულდება ან შეუძლებელი ხდება მაშინ,  როცა სახელმწიფო რესურსი მთლიანად ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდაა მიმართული.

„მაკონტროლებელი ორგანოები - სახელმწიფო აუდიტის სამსახური,  ცესკო და სასამართლო დღეს ძირითადი მოთამაშეები არიან. აუდიტის სამსახური არის ორგანო,  რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან დაცლილი უნდა იყოს, მაგრამ ის რეალურად,  კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს“,  - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება უწყებათაშორის კომისიას, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ კომისიამ რამდენიმე შემთხვევაში ძალიან კარგი რეკომენდაცია გასცა, თუმცა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისას,  ის სათანადო რეაგირებას არ ახდენს.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამით,  ზაფხულში ანაკლიაში ასეულობით სტუდენტი დაასვენეს და ყოველგვარი ხარჯები დაუფინანსეს. ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია მიდიოდა““, - განაცხადა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, აუდიტის სამსახურს სხვა შემთხვევების მსგავსად, ხარჯები უნდა დაეთვალა და ხუთზე გაემრავლებინა და მმართველ პარტიას საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმა დაეკისრებოდა.

ჩუგოშვილის განცხადებითვე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ უნდა მოქმედებდნენ, თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ.