ქეთევან ციხელაშვილი: დამკვირვებლების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს

ქეთევან ციხელაშვილი: დამკვირვებლების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს

„დადებითი მოვლენაა, რომ საქართველოს  საპარლამენტო არჩევნებს ბევრი დამკვირვებელი ეყოლება“, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტიონორობის ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ქეთევან ციხელაშვილმა დღეს კონფერენცია -„საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, გუშინდელი მონაცემებით, არჩევნებზე დასაკვირვებლად 35 საერთაშორისო და 41 ადგილობრივი ორგანიზაციაა რეგისტრირებული და აღნიშნა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნებზე კი, ძალიან ბევრია დამოკიდებული.

„დამკვირვებლების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს. კერძოდ, მოლოდინია იმისა, თუ როგორი დასკვნა დაიდება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზება და დაძაბულობის საფრთხე იყო. ციხელაშვილი აცხადებს, რომ დაძაბულობის საფრთხე კიდევ უფრო უარესი დაპირისპირების საფრთხედ რომ არ გადაიქცეს, მისი პრევენცია დარჩენილ ორ კვირაში უნდა მოხდეს.

„აღნიშნულ პროცესში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება - ხელისუფლებას როგორც არჩევნების მთავარ განმსაზღვრელ სუბიექტს, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საზოგადოებას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა.