OSCE/ODIHR: განსაკუთრებული წუხილის საგანია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს შორის არსებული დიდი განსხვავებები

OSCE/ODIHR: განსაკუთრებული წუხილის საგანია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს შორის არსებული დიდი განსხვავებები

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა.

როგორც მისიის პირველ ანგარიშშია ნათქვამი, ამ კომპონენტის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად იქნა შეცვლილი.

„მართალია, აღნიშნული ცვლილებები, როგორც ჩანს, არის მცდელობა შესრულდეს Gრეგო-ს მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის "დიდი ფულის" მიერ პოლიტიკურ არჩევანზე ზემოქმედების აღკვეთასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, მაგრამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისიასთან შეხვედრებზე თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ეს ცვლილება "ქართული ოცნების" საქმიანობის შეზღუდვისთვის იქნა შემოღებული მისი ლიდერის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, მათი განმარტებით, მათთან შეხვედრებზე თანამოსაუბრეების გარკვეული რაოდენობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი პროცედურების დაუცველობის და კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებისას შერჩევითი დამოკიდებულების გამოყენების საფუძველზე მიკერძოებულობაშიც სდებს ბრალს.

„გარდა ამისა, ისინი აუდიტის სამსახურს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ, მათი აზრით, გადაჭარბებული ჯარიმების დაკისრების გამოც. ამ წუხილების გარკვეული ნაწილი ასევე იქნა გამეორებული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის დელეგაციების მიერ", - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ზოგადად საკანონმდებლო სტრუქტურასა და საარჩევნო სისტემას, მისიის განმარტებით, იმ დროს, როცა საარჩევნო კოდექსი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ასევე ვენეციის კომისიის მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციების გარკვეულ რაოდენობას ითვალისწინებს, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია.

"განსაკუთრებული წუხილის საგანია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს შორის არსებული დიდი განსხვავებები (მოსახლეობის და რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით), რაც ძირს უთხრის არჩევანის თანასწორუფლებიანობის პრინციპს. 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის აპირებდა საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვას, მათ შორის ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქების ორად გაყოფას, თუმცა, ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელია", - ნათქვამია ანგარიშში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პირველი შუალედური ანგარიში 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მისია თბილისში მომუშავე 16 ძირითადი ექსპერტისა და საქართველოს მასშტაბითYმომუშავე 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.