ჭყოიძე:  რაც არ უნდა დაპირისპირებულნი იყვნენ, რაღაც საერთო ფასეულობები არსებობს, რომლებზეც ყველა თანხმდება

ჭყოიძე: რაც არ უნდა დაპირისპირებულნი იყვნენ, რაღაც საერთო ფასეულობები არსებობს, რომლებზეც ყველა თანხმდება

პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, მან პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა და  სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწოდებას შეუერთდა, რომ 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძრის კურთხევას, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად დაესწრონ, აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალები, რაც არ უნდა დაპირისპირებულნი იყვნენ,   რაღაც საერთო ფასეულობები არსებობს, რომლებზეც ყველა თანხმდება.

„პოლიტიკური ბრძოლის, რაღაც ერთიან-ეროვნულ ჩარჩოებში მოქცევა და ერთიანი ფუნდამენტის დაგება, ყოველთვის  ქართველი პატრიოტების ოცნება იყო. ჩემი აზრით, პოლიტიკური ძალები, რაც არ უნდა დაპირისპირებულნი იყვნენ, არსებობს  რაღაც საერთო ფასეულობები, რომლებზეც ყველა თანხმდება.  მიმაჩნია, რომ პატრიარქის  ინიციატივა და შემდეგ მისი მხარდაჭერა პრეზიდენტის მიერ, სწორედ ამას ემსახურება,  რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა,  ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას გააჩნია საერთო ფასეულობა,  რომელიც  ხელშეუხებელია და ყველასთვის  საერთო და მისაღებია“, - განაცხადა ჭყოიძემ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ეს კონსტრუქციული დამოკიდებულება შეიძლება არჩევნებსაც უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშავს, რომ, რაც მთავარია იდეა მისაღებია.

ჭყოიძის განმარტებით, საზოგადოება უნდა შეეგუოს, რომ არსებობს საკამათო თემები და არსებობს ხელუხლებელი ფასეულობები, რომელიც ყველასთვის საპატივცემულო და მისაღები უნდა იყოს.

„ნებისმიერი  ქმედება, ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის მათ შორის, პრეზიდენტისა,  შეიძლება  არჩევნებს დავუკავშიროთ. ჩვენ ამ წლებში სულ არჩევნების რეჟიმში ვართ,  2013 წელს პრეზიდენტის,  2014  წელს, ადგილობრივი არჩევნებია და აშ.  შეიძლება,  პრეზიდენტის ეს გამოსვლა შეიძლება  კავშირში იყოს არჩევნებთან, მაგრამ  რაც მთავარია,  იდეა მისაღებია.  ასეა თუ ისეა,  საზოგადოება უნდა შეეგუოს, რომ არსებობს საკამათო თემები და არსებობს ხელუხლებელი ფასეულობები, რომელიც ყველასთვის საპატივცემულო და მისაღები უნდა იყოს“, - განაცხადა ჭყოიძემ.