გორდაძე: სკეპტიკოსებს არ უნდა მივცეთ საბაბი იმისა, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვა შეფერხდეს

გორდაძე: სკეპტიკოსებს არ უნდა მივცეთ საბაბი იმისა, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვა შეფერხდეს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმ „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას,  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში,  თორნიკე გორდაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, საგარეო პოლიტიკურ თემებზე დებატები არ იმართება, რაც მისი შეფასებით ცუდია.

გორდაძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არასაკმარისია,  რაც ალბათ, ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაზე მეტყველებს. მინისტრის თქმით,  პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად,  თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ამ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ყურადღებით აკვირდება და არ უნდა მივცეთ სკეპტიკოსებს საბაბი იმისა,  რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვა შეფერხდეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სიძულვილმა მოიმატა, ადვილად ხდება ადამიანებით მანიპულირება.  ჩემი პირადი თხოვნა იქნება,  ამ ტიპის რადიკალიზაციისა და სიძულვილის აღმოფხვრას ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა  გორდაძემ.

გორდაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარებაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას,  ისე პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

„პასუხისმგებლობა ჩვენ ყველას გვეკისრება და ამას არ უნდა გავექცეთ“,  - მიმართა ღონისძიების მონაწილეებს მინისტრმა.