ალექსანდრე ანქვაბი: დღეს საქართველო თავის მოკავშირეებთან ერთად ჩერქეზულ კარტს ათამაშებს

ალექსანდრე ანქვაბი: დღეს საქართველო თავის მოკავშირეებთან ერთად ჩერქეზულ კარტს ათამაშებს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, დღეს საქართველო ჩერქეზების საკითხით სპეკულირებს და სინანული გამოხატა მათ მიმართ, ვისაც ამის ჯერ კიდევ სჯერა.

„რატომ აღელვებს ამ ბოლო დროს საქართველოს ჩერქეზების საკითხი? რატომ დაიწყეს მათ უცებ ჩერქეზების გენოციდზე ლაპარაკი? მე ასეთი კითხვა მაქვს: აფხაზი ხალხი არ იყო ჩერქეზების შემადგენლობაში მაშინ, როდესაც ქართველები მოვიდნენ და ხოცვა დაგვიწყეს? დღეს საქართველო თავის მოკავშირეებთან ერთად ჩერქეზულ კარტს ათამაშებს. სამწუხაროდ, დღეს ჩერქეზ ხალხს შორის არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა ამის. ისინი საქართველოში არა ტურისტული, არამედ პოლიტიკური ტურნეთი მიდიან, მონაწილეობენ საქართველოში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში და საუბრობენ იმაზე, რომ ომი უნდა დავივიწყოთ და ახალი ურთიერთობები უნდა დავამყაროთ დემოკრატიულ საქართველოსთან“,-განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა 1992-93 წლებში აფხაზეთის ბრძოლებში დაღუპულ ყაბარდო-ბალყარეთის მებრძოლების მშობლებთან შეხვედრაზე.  

ანქვაბის განცხადებით, აფხაზებს ვერავინ წამოაგებს პროვოკაციებზე ჩრდილოელ კავკასიელების წინააღმდეგ,  ისინი არავის მისცემენ  ამ თემით სპეკულირების უფლებას და ისინი ქართველებთან ერთად არ აპირებენ დაჯდნენ მაგიდასთან ჩერქეზების საკითხის განსახილველად. 

„ჩვენ მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს ჩრდილოკავკასიელ ძმებთან და ეს ურთიერთობები  გაძლიერდება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ამ თემით სპეკულირებისა. საქართველოს დღემდე გააჩნია აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო მიზნები. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ქართულ მხარეს ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე, თუმცა უშედეგოდ. მაშ, ვიღაცის რჩევით,  რატომ უნდა დავსხდეთ დღეს ჩვენ  ქართველებთან ერთად მაგიდასთან და განვიხილოთ ჩერქეზების საკითხი? ისტორია ჩვენც კარგად ვიცით „,-აღნიშნა დეფაქტო პრეზიდენტმა.