ადვოკატთა ასოციაციის წევრები ბრიუსელში ევროკავშირისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან

ადვოკატთა ასოციაციის წევრები ბრიუსელში ევროკავშირისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები დღეს ბრიუსელში გაემგზავრებიან, სადაც ისინი ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ From.ge -ს უფლებადმცველმა, ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით,  საუბარი ძირითადად საარჩევნო თემატიკას შეეხება, თუმცა მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც, რომელიც წინასაარჩევნოდ დაფიქირდა.

კერძოდ, კაკაბაძის განმარტებით, ეს არის, ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის გავრცელების შეზღუდვა, ანტენებისა და თეფშებისთვის გაჩაღებული ომი; ის, რომ ხელისუფლება  საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის არჩევანის უფლების წართმევას ცდილობს, როცა არჩევნების დღედ სამუშაო დღე - ორშაბათი გამოაცხადა; ის, რომ არის პოლიტიკური რეპრესიები და ციხეებში ბევრი პატიმარი პოლიტპატიმრის სტატუსით იხდის სასჯელებს და ა.შ.

„ჩვენ გვინდა დასავლეთმა იცოდეს ის, თუ რა ხდება რეალურად  საქართველოში. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების სამყარომ უნდა იცოდეს. შემდეგ უკვე მათზე იქნება დამოკიდებული როგორ რეაგირებას მოახდენენ იმისათვის, რომ მოხდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და შეფასდეს ისე როგორც საჭიროა. მე მჯერა რომ დღეს, მაშინ, როცა დასავლეთი დაინახავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ფაქტიურად  გადაწყვეტილი აქვთ, რომ ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიული არჩევნების გზით სურთ, ისინი შესაბამის, ადექვატურ რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ბრიუსელში მასთან ერთად ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი, ირმა ჭკადუა, სოსო ბარათაშვილი და უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი მიემგზავრებიან.

კაკაბაძის ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ადვოკატების მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე 18 სექტემბერს ევროპარლამენტთან აქციასაც გამართავენ.

უფლებადამცველები ბრიუსელში დღეს ღამით გაემგზავრებიან და 19 სექტემბერს დაბრუნდებიან.