ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2014 წლის 14 სექტემბრამდე  გაუგრძელდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2014 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 1 წლით, 2014 წლის 14 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა. მათი ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირი ბიუჯეტიდან 20,9 მილიონ ევროს გამოყოფს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი მიესალმება მანდატის გაგრძელებას და აცხადებს, რომ ეს მისიას შესაძლებლობას მისცემს გააგრძელოს თავისი ძალისხმევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოვედღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში

"ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოში და რეგიონში.

მივესალმები მანდატის გაგრძელებას, რომელიც მისცემს მისიას იმის საშუალებას, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება შეძლებისდაგვარად გააუმჯობესოს " -აცხადებს ეშტონი.

ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ  აუცილებელია აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხუთმხრივი შეხვედრები.

„ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეშტონმა.