საკონსულო აღრიცხვის მიუხედავად ემიგრანტები  ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ირიცხებიან

საკონსულო აღრიცხვის მიუხედავად ემიგრანტები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ირიცხებიან

ემიგრაციისა და დიასპორის საკითხებში კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორის, კოტე სურგულაძის განცხადებით, უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვის მიუხედავად ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ირიცხებიან.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ცესკოსთან განუცხადა, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკო-ში დღეს 187 ქართველი ემიგრანტის განცხადება შეიტანა.

მისი თქმით, სიებში არათუ ის ქართველები არ ირიცხებიან, რომლებმაც ახლახანს გაიარეს საკონსულო აღრიცხვა, არამედ ისინიც, ვინც დიდი ხნის წინ დარეგისტრირდნენ.

„ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ხდება მათი ამომრჩეველთა სიიდან ამოშლა და საარჩევნო პროცესიდან მათი გათიშვა", - განაცხადა სურგულაძემ.

მისივე განმარტებით, ცესკო-ში შეტანილი 187 ემიგრანტის განცხადებები სამხრეთ გერმანიაში მცხოვრები ქართველების საქმეებს ეხება.

„ ჩვენი მოთხოვნაა ცესკო-მ განიხილოს ქართველი ემიგრანტების პრობლემები და ყველა შესაბამის უწყებას მიმართოს, საქართველოს საგარეო უწყება იქნება ეს თუ სიების დაზუსტების კომისია, რომ მათი ამომრჩეველთა სიებში დაბრუნება მოხდეს, რათა ქართველ ემიგრანტებს მიეცეთ საშუალება გამოიყენონ თავისი კონსტიტუციური უფლება და პირველ ოქტომბერს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა", - აღნიშნა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა.