თსუ: ყოველთვის მზად ვართ სტუდენტების მიერ დაყენებული არგუმენტირებული საკითხების განსახილველად

თსუ: ყოველთვის მზად ვართ სტუდენტების მიერ დაყენებული არგუმენტირებული საკითხების განსახილველად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მიერ დაყენებული საკითხების განსახილველად მზადაა. ამასთან დაკავშირებით თსუ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ სასწავლო წელს რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა სტუდენტთა ყველა დაინტერესებულ ჯგუფს. თუმცა, "ლაბორატორია 1918"-ს არ გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ყოველთვის მზად არის სტუდენტების მიერ დაყენებული არგუმენტირებული საკითხების განსახილველად, თუკი ეს ცივილიზებული ფორმით მოხდება და მათი გადაჭრა უნივერსიტეტის უფლებამოსილებაა", - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს, რომელთა შორის თსუ-ს სტუდენტებიც იყვნენ, შენობაში მიუღებელი ფორმით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თსუ-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა პასუხისმგებელი პირები მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს ულტიმატუმი: დაიშალოს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ გათავისუფლებული ლექტორები, მიეცეთ საშუალება სტუდენტებს ისწავლონ თავისუფლად არჩეული საგნები და გადადგეს ანდრო ბარნოვი. შეხვედრის მსვლელობისას ისინი აგრესიული ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და აცხადებდნენ, რომ დიალოგისთვის არ არიან უნივერსიტეტში მოსული.

მანამდე აქციის ორგანიზატორმა "ლაბორატორია 1918"-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ღიად იყო ნათქვამი - დაუმორჩილებლობაში გულისხმობდნენ საკუთარი წესებით თამაშს, საკუთარი კანონებით მოქმედებას, რის გამოც მიმართავდნენ იძულებას, აგრესიას, იერიშს, გაფიცვას, საბოტაჟს, უნივერსიტეტის დაკავებას. ადმინისტრაციული შენობის დარბევის და დაკავების შესახებ მოწოდებები გაისმოდა ხმის გამაძლიერებელი საშუალებებით აქციის მონაწილეების შენობაში შესვლამდეც. მოწოდებას თან ახლდა უცენზურო განცხადებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა",- აღნიშნულია თსუ-ს განცხადებაში.