მედიამონიტორები: „სასურველია არხებმა შეიცვალონ გაშუქების ტონი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბალანსს

მედიამონიტორები: „სასურველია არხებმა შეიცვალონ გაშუქების ტონი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბალანსს

მედიამონიტორები მედიასაშუალებებს გაშუქების ტონის შეცვლის რეკომენდაციით მიმართავენ. ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და "მემო-98"-ის წარმომადგენლებმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადეს.

მედიამონიტორებმა 11 ტელევიზიის საუკეთესო საეთერო დროის შედეგები წარმოადგინეს. ეს ტელევიზიებია: საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "კავკასია", "მე-9 არხი", "რეალ-ტვ", "25-ე არხი", "აჭარის ტელევიზია", "ტვ-რიონი", "მეგა ტვ".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კორძაიას განცხადებით, თემის შესაბამისობისა და აქტუალობის თვალსაზრისით ყველა ტელეკომპანიის შედეგი დაახლოებით ერთნაირად მაღალია და ის მერყეობს კარგსა და მაღალპროფესიულ სტანდარტს შორის, თუმცა გარკვეული ხარვეზები მაინც გვხვდება.

მედიამონიტორინგის ჯგუფის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ზოგადი შეფასება "კარგ ხარისხს" უახლოვდება, თუმცა გამოვლინდა პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ რესპონდენტებისთვის შეკითხვების დასმის დროს შეკითხვების მიკერძოებულად დასმის ფაქტი. ასევე, პრეზიდენტისა და პრემიერ- მინისტრის ვიზიტებისათვის საინფორმაციო გამოშვებებში ხანგრძლივი დროის დათმობა.

"რუსთავი 2"-ისა და "იმედის" შემთხვევაში მისაღებია ხარისხი, თუმცა საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელი აქვს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბალანსის კომპონენტში.

რაც შეეხება „რეალ ტვ"-ის, მონიტორინგის ჯგუფის აზრით, გამოირჩევა ყველაზე დაბალი შეფასებით.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ არხი ვერ სცდება "სუსტ ხარისხს" ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმების შეფასებისას, როგორიც არის ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, გაშუქების ტონი, ბალანსი. მაგალითად, 30 ივლისს გასული 15 სიუჟეტიდან 10 "ქართულ ოცნებას" უარყოფით კონტექსტში ეხებოდა“, - აღნიშნავენ ისინი.

"მაესტროსა" და "მე-9 არხის" საქმიანობის ხარისხი მონიტორინგის ჯგუფის აზრით უახლოვდება კარგ კრიტერიუმს, თუმცა არხების მიუკერძოებლობის ხარისხს საგრძნობლად აამაღლებს პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ შეკითხვების მიუკერძოებლად დასმა.

„მაგალითად, გადაცემები "მატრიცა", "არგუმენტები" და "პირდაპირი საუბრები". ასევე ამ არხების შემთხვევაში გამოვლინდა წყაროების არასრულყოფილად იდენტიფიცირების ფაქტები, ხოლო "მე-9 არხის" ინტერესის საგანი ორი პარტია "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა".

"კავკასიის" შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფის აზრით, საინფორმაციო გამოშვებების მოკვლევითი მასალებისა და წყაროების იდენტიფიცირების ხარვეზები არის, თუმცა ამის მიუხედავად "კავკასია" გამოირჩევა დაბალანსებულობის მაღალი ხარისხით, თუმცა მთლიანობაში არხის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკური თოქ-შოუები და განსაკუთრებით მათი წამყვანები.

"აჭარის ტელევიზიის" შემთხვევაში ზოგადი შეფასება მერყეობს სუსტსა და მისაღებ ხარისხს შორის, თუმცა შეფასება სუსტისკენ უფრო იხრება ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმების შესწავლისას, როგორიც არის ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, ბალანსის დაცვა, სიზუსტე.

რაც შეეხება "25-ე არხს", მედიამონიტორინგის ჯგუფმა მას კარგი ხარისხი მიანიჭა, თუმცა სასურველია ყურადღება გამახვილდეს ფაქტების მეტი სიზუსტით გადმოცემის საკითხზე.

"რიონის" შეფასება მერყეობს სუსტსა და მისაღებ ხარისხს შორის გამოვლინდა კადრებისა და ტექსტის შეუსაბამობის, ასევე ბალანსის დაუცველობის ფაქტები.

მედიამონიტორინგის ჯგუფმა ვერ მოახერხა სრულყოფილად "მეგა ტვ"-ს საქმიანობის შეფასება არხზე საინფორმაციო გამოშვებების სიმწირის გამო.

„სასურველია არხებმა შეიცვალონ გაშუქების ტონი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბალანსს. წამყვანებმა კი აღმოფხვრან მიკერძოებული კომენტარები და ყურადღება მიაქციონ ლექსიკას“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, „მედიაგამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის" პროექტის ფარგლებში, მონიტორინგი 2012 წლის 1-5 ივლისს და 23 ივლისიდან 5 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.

მონიტორინგის ჯგუფი მესამე შუალედურ შედეგს 21 სექტემბერს გამოაქვეყნებს, ხოლო არჩევნების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი საბოლოო სამთვიანი მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციას გამართავს.