შალვა ხაჭაპურიძე: საქართველომ მოკლა ჟვანია, საქართველომ წაართვა ადამიანებს ქონება და ბიზნესი თუ სააკაშვილის ხელისუფლებამ?

შალვა ხაჭაპურიძე: საქართველომ მოკლა ჟვანია, საქართველომ წაართვა ადამიანებს ქონება და ბიზნესი თუ სააკაშვილის ხელისუფლებამ?

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის შალვა ხაჭაპურიძის ჰააგაში შეტანილ სარჩელზე ხელისუფლება კიდევ ერთხელ ალაპარაკდა აქტიურად, როდესაც ხაჭაპურიძე თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა. შევიდა თუ არა ნამდვილად სარჩელი ჰააგის სასამართლოში, ვის გააქვს თბილისი აეროპორტიდან ქონება საზღვარგარეთ და რატომ მიჰყიდა ხელისუფლებამ ჩინელებს „სილქნეტი“? From.ge  „ქართული ოცნების“ თეთრის წყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა.

ჰააგის სარჩელის თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც თქვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გახდით. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თქვენ სარჩელი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეთ, თქვენ აცხადებთ, რომ ეს სარჩელი სააკაშვილის და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგაა შეტანილი. რომელია სიმართლე?

- გიორგი ბარამიძე, რომელიც ტელევიზიიდან გახელებული ყვიროდა, რომ როგორ შეიძლება სიებში იყოთ შალვა ხაჭაპურიძეს გვერდით, რომელმაც ჰააგაში საკუთარ ქვეყანას უჩივლაო, მინდა შევახსენო, რომ როდესაც პრემიერი ზურაბ ჟვანია მოკლეს, მერე აქეთ-იქით ატარეს, რომელიც სხვათაშორის, მისი მეგობარი იყო, ხმა არ ამოუღია და მინდა გითხრათ, ამ სარჩელში ჟვანიას სიკვდილზეც არის საუბარი. ამ სარჩელში იმ უმარავ ქონება და ბიზნესწართმეულ, ბინებიდან გამოყრილ, გაუბედურებულ ხალხზე, დევნილებზე, პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველ ფენაზე და იმ კანონების შესახებ წერია, რომელიც მოფარიკავე ბარამიძემ და მისმა გუნდმა მიიღო ქართული საზოგადოების წინააღმდეგ.

თუ გამოსულა რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი, ამდენი იურისტები და სამართლისმცოდნეები არიან და თუ უთქვამთ ერთხელ მაინც, რომ ის, რაც ამ სარჩელში წერია, მე სამართლებრივად არ ვეთანხმები ამა და ამ მოტივით. ეს არის კვალიფიციურად და მტკიცებულებებით დადასტურებული იურიდიული დოკუმენტი, რაც ჰააგის მოსამართლემაც მოიწონა. მათ ეშინიათ ამ სარჩელის, ეს არის მათთვის მახვილის ჩაცემა, რადგან იციან პასუხისგება მოუწევთ ყველა იმ უკანონობაზე, რაც მათ მიერაა ჩადენილი.

რატომ უნდა ეშინოდეს საქართველოს ხელისუფლებას ამ სარჩელის?

- მინდა საზოგადოების, აგრეთვე ჟურნალისტების ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე-დაახლოებით 300-მდე საჩივარი მაქვს სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი და იქ, როდესაც ავსებ, გრაფაში უთითებ მოსარჩელე მხარეს-საქართველოს. რაც შეეხება ჰააგის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს, საქართველო ვერ მოკლავდა ზურაბ ჟვანიას, საქართველო ვერ შეუჭამდა ხალხს პენსიებს და ვერ წაართმევდა სარჩო-საბადებელს, საქართველო ვერ ჩაცხრილავდა 141 ბიჭს, საქართველო ვერ გამოამწყვდევდა ციხეში ამდენ პოლიტპატიმარს. ჩემს სარჩელში დამნაშავეებად მითითებულნი არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ძმები ბეჟუაშვილები, ბათუ ქუთელია და კიდევ  ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი. კონკრეტულადაა ჩემს სარჩელში დასაბუთებული, მათ რა ქმედებები და უბედურებები აქვთ ჩადენილი. არაფერ შუაშია აქ საქართველო, ეს დანაშაული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს  კაცობრიობის  და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აგრეთვე სამხედრო დანაშაულიც 2008 წელს, როდესაც   გამოიყენეს აკრძალული ტიპის იარაღი, სხვათაშორის ორივე მხარემ-რუსეთის მხარემაც და საქართველომაც. ეს წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში. ჰააგის პროკურატურაში შეტანილ ჩემს სარჩელს საქართველოს მოსახლეობის 80 000  ხელმოწერა ერთვის თან და ეს კარგად იცის ქართულმა მედიამ. როდესაც თეთრიწყაროს მოსახლეობას  ვხვდები, მთელი მოსახლეობა  მადლობას მეუბნება.

როდესაც თქვენ სარჩელი შეიტანეთ ჰააგაში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ   ჰააგაში სარჩელი არ შესულა. ნამდვილად შევიდა თუ არა თქვენს მიერ სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჰააგის პროკურატურაში?

- საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის  ყველაფერი. იცით, რატომ ეშინიათ მათ და რატომ ახსენებენ ასე ხშირად ხაჭაპურიძის გვარს, რომლის ადგილიც, მათი აზრით,  არ არის პარლამენტში? სხვათაშორის, ბევრმა ოპოზიციონერმაც განაცხადა მაშინ, რომ სარჩელი არ იყო შესული.

 მე,  „ფრანსპრესის“ კორესპონდენტ გიორგი ფოფხაძესთან  ერთად, რომელიც ჩემი თარჯიმანი გახლდათ ჰააგაში, შევხვდით ჰააგის პროკურორს და მის თანაშემწეებს, იქვე მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ საქმემ რეგისტრაცია გაიარა. შემდეგ ჩამოვიდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ  საქმე წარმოებაში მიიღეს. ეს დოკუმენტები მე მედიაში გამოვაქვეყნე. საინტერესოა, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ერთი იურისტი არ არის, რომ სწორი ფორმულირება მაინც გააკეთოს? ხაჭაპურიძეს სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ შეუტანია. საქართველო ხომ არ მოკლავდა და ჩაცხრილავდა, ან დააყაჩაღებდა ვინმეს? მათ იციან, თუ ეს არჩევნები გააყალბეს, სარჩელი რომელიც დევს ჰააგის პროკურატურაში, იწყებს დაუყოვნებლივ ამოქმედებას, მე კიდევ ბევრ რამეზე არ ვსაუბრობ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჰააგის ციხეში ამოყოფენ თავს, მათთვის ეს ნიურბერგის პროცესის ტოლფასი იქნება, რომელიც მათ მიერ ახლაშენებული პარლამენტის შენობაში გაიმართება ქუთაისში.  

თქვენ, ახსენეთ ძმები ბეჟუაშვილები. დავით ბეჟუაშვილი თქვენი პოლიტიკური ოპონენტია ხელისუფლების მხრიდან თეთრიწყაროს რაიონში. თუ ესაუბრებით რაიონის მოსახლეობას ჰააგის სარჩელზე და როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა არჩევნებში?

-მინდა აღვნიშნო, რომ რაიონის მოსახლეობა უკვე ირონიულად ახსენებს ხელისუფლებას. დღეში სამ, ოთხ და მეტ შეხვედრასაც ვატარებ მოსახლეობასთან და ხალხი მეუბნება, ხედავ როგორ ეშინია თქვენი ხელისუფლებასო?  ჩემი კი არ ეშინიათ, იმ ჩადენილი საკუთარი დანაშაულებებზე პასუხისგების  ეშინიათ, რაც ჩემს სარჩელშია ჩამოთვლილი. როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უწოდა ამ სარჩელს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ანატომია. თეთრიწყაროს მოსახლოება მეც და ჩვენს გუნდსაც მადლობას გვიხდის ამ სარჩელისთვის. რაც შეეხება ბეჟუაშვილს. დავით ბეჟუაშვილმა თითო ბოთლი ღვინო და კანფეტები  დაურიგა აღდგომაზე მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდება აქცია გამართეს და ეს ბოთლები ბეჟუაშვილს უკან დაუბრუნეს. „ნაციონალების“ მაჟორიტარი“ ჩახტა მანქანაში და გაიქცა, ისევე როგორც გაიქცა მაშინ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მან 6 აგვისტოს დატოვა საქართველოს ტერიტორია და აზერბაიჯანში გადავიდა .

თქვენ გაქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები?

- რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტების გარდა, რაც მე მაქვს, ეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებიცაა. რაც შეეხება დოკუმენტაციას, მოსახლეობას შეუძლია საჯარო რეესტრში მოიძიოს დოკუმენტაცია და ნახოს, რომ სააკაშვილის საყვარელი  „ბუდა ბარის“  100%-იანი წილის მფლობელი, აგრეთვე საპატრიარქოს წინ აშენებული სამორინე „შერგილა“-ს მფლობელიც ბეჟუაშვილი გახლავთ. კიდევ ერთი ფაქტიც მინდა თქვენს მკითხველს და ქართულ საზოგადოებას შევახსენო. ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნ ფულზე რომ ლაპარაკობს დღედაღამე ხელისუფლება,  ავიწყდებათ, რომ ბეჟუაშვილმა ლავროვისა და პრიმაკოვის დახმარებით იშოვა  ეს ფული? ძმებ ბეჟუაშვილებს მოსკოვში,შოსე კომსომოლსკაიაზე, ფსბ-ს დირეტორის გვერდით აქვთ წამოჭიმული აგარაკი? საიდან ერთი, ხომ არ იცით? ვინ მისცემს რუსეთში ამის უფლებას? მათ გვერდით ჩიხში ცხოვრობს მათ მიერ ნაწამები და ამჟამად პოლიტპატიმრად შერაცხული ბესარიონ ხვინთელიანი, რომლის ადვოკატიც მე გახლავართ. მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლებს თვითმფრინავებით გააქვთ საკუთარი ქონება საზღვარგარეთ.

თბილისის აეროპორტიდან გააქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი ქონება საზღვარგარეთ?

-დიახ, თბილსის აეროპორტიდან. მოსახლეობას შეუძლია მივიდეს და იხილოს. კიდევ ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო. გუშინწინ  საქართველოს ხელისუფლებამ „სილქნეტი“ ჩინელებს მიჰყიდა. „სილქნეტი“, რომელიც ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და  პროპაგანდისტული მექანიზმი გახლდათ, რომელზედაცაა ჩამოკიდებული მთელი ფიჭური კავშირგაბმულობა და ა.შ. ისინი ჩემოდნებზე ზიან და საქართველოდან გააქვთ მათ თავიანთი ქონება.  მაგრამ თითოეული მათგანი გავაფრთხილო, მათ არ შერჩებათ არცერთი დანაშაული რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არცერთი დანაშაული, მათ ძალიან კარგად იციან, რომ  ჰააგის სასამართლოში ერთმანეთზე ჩვენებების მიცემის შემდეგ, მთელი ქონებას უკან დაბრუნება მოუწევთ,ამიტომ ყვირიან ასე გახელებით და ილანძღებიან დღეს „ნაციონალები“ .