ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებამ შტეფან ფიულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებამ შტეფან ფიულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა

„ქართული ოცნებას" პარტიების ქცევის კოდექსისთვის ხელი მოწერილი აქვს“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საგურამოში, სანერგე მეურნეობაში ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ შტეფან ფიულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა და აღნიშნა, რომ  მომავალ კვირას არც ბრიუსელში წასვლას არ აპირებს.

„ირაკლი ალასანია შეხვდა მას მგონი გუშინ და ყველაფერი განუმარტა და ყველაფერი კარგად იციან. რაც შეეხება ბრიუსელში წასვლას, ამჯერად არაფერი არ გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შტეფან ფიულე მზად არის კოალიცია „ქაართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად, თუ მიიღებს დაპირებას, რომ პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის და, რომ "ქართული ოცნებისათვის" მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტული სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა - ეუთო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი.

ამის შესახებ ფიულეს სპიკერმა, პეტერ სტანომ რადიო "თავისუფლებას“ განუცხადა.