საარჩევნო უბნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური კაბინები განთავსდება

საარჩევნო უბნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური კაბინები განთავსდება

საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობის უზრუნვეყოფის მიზნით გაწეულ საქმიანობას განიხილავენ.

საკითხის განხილვა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს, სადაც შეხვედრის მონაწილეები ცესკო-ს მიერ აღნიშნული პირებისთვის არამარტო საარჩევნო პროცესების გამარტივების მიზნით გაწეულ საქმიანობას, არამედ განსახორციელებელ პროექტებსაც ეცნობიან.

შეხვედრაზე კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭიროებების დადგენის მიზნით განხორციელებული პროექტის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 8 523 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველია.

 „ამის გათვალისწინებით, თბილისში 39 და რეგიონებში - 92 საარჩევნო უბანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთთვის სპეციალური ხმის მიცემის კაბინები განთავსდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გასამარტივებლად ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„ეს იმ საჭიროებების გამოვლენას გულისხმობდა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყო აუცილებელი“, - აღნიშნა მან.

შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ტარდება.