კალმახელიძის უწყება  სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის მონიტორინგს გამოეხმაურა

კალმახელიძის უწყება სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის მონიტორინგს გამოეხმაურა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სახალხო დამცველის  სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგს გამოეხმაურა.

ამასთან დაკავშირებით, სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გამოვლენილი დარღვევებზე რეაგირებას მოახდენს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული  განცხადების თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების განუხრელად დაცვის მიზნით,  შესაბამისი სამსახურების მიერ, დაუყოვნებლივ დეტალურად იქნება შესწავლილი ანგარიში, გადამოწმდება ასახული გარემოებები და შესაბამისად გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ნებისმიერი რეკომენდაცია, სამინისტროსათვის საგულისხმოა სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის გეგმიური მონიტორინგის ანგარიში,  ქუთაისის №2 საპატიმრო და თავისუფლების აღკვეთის და გეგუთის №14 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან დაკავშირებით. ანგარიში შეიცვს სადავო საკითხებს, რომელსაც სამინისტრო გამორიცხავს და მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურ შესწავლა/გადამოწმებას, ხოლო ზოგიერთი დასმული საკითხი თავისთავად იქნება გადაწყვეტილი მიმდინარე რეფორმების ფარგლებში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების მიხედვითვე, სამინისტრო აცნობიერებს, რომ პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

„სახალხო დამცველის ნებისმიერი რეკომენდაცია არის დამატებითი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს სისტემაში, შესაბამისად სამინისტრო მოლოდინშია სახალხო დამცველის შემდგომი ანგარიშისა, სადაც იმედია, აგრეთვე იქნება ასახული უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური რეფორმები და მათი შედეგები, რომლებიც სულ მცირე დროში იქნა მიღწეული სასჯელაღსრულების სისტემაში“, - ნათქვამია  განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გეგმური მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა უფლებების რეგულარული დარღვევა ხდება.

ამასთან, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს მკვეთრად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება დახვდათ გეგუთის #14 დაწესებულებაში.