ბაჩო კიკაბიძე: ეს პროკურატურასთან კონტრაქტს უფრო გავს ვიდრე,  საქართველოს ფოსტასთან

ბაჩო კიკაბიძე: ეს პროკურატურასთან კონტრაქტს უფრო გავს ვიდრე, საქართველოს ფოსტასთან

ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენლები მოსახლეობაში სატელიტური ანტენების დარიგებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისო კომისიისა  და საქართველოს ფოსტის  წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ, from.ge - ის ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მათ კონტრაქტის პირობებზე ისაუბრეს და ახლა მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

კიკაბიძე აცხადებს, რომ კონტრაქტით მათ მიერ შემოთავაზებული პირობები ძალიან რთულია და აღნიშნავს, რომ ეს პროკურატურასთან კონტრაქტს უფრო გაქვს ვიდრე,  საქართველოს ფოსტასთან.

„გადმოგვცეს კონტრაქტის ფორმა.  ფასები, ვადები, დინამიკა თუ რამდენ ხანში  რა რაოდენობის ანტენა დამონტაჟდებოდა. მას შემდეგ,  ამ საკითხზე ვმუშაობთ.  ეს პირობები ძალიან რთულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ  აქ შემკვეთები ჩვენ  ვართ  და არა სხვა რომელიმე  ორგანიზაცია,  ამ კონტრაქტში  ჩვენი უფლებები არაა დაცული და საერთოდ,  ეს პროკურატურასთან კონტრაქტს უფრო გაქვს ვიდრე,  საქართველოს ფოსტასთან. აქედან გამომდინარე,  ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს შეთავაზებაზე,  იმ პირობებზე, რაზეც უწყებათაშორის  კომისიას გავყევით.  ამ დღეებში გვექნება შეხვედრები  და თუ დადებითად გადაწყდა,  ჩვენს შორის დიალოგი კონსტრუქციული იქნა,  ჩვენს ინტერესებში შედის, აუცილებელია  მოსახლეობისათვის სატელიტური ანტენების დამონტაჟება“, - განაცხადა კიკაბიძემ.

მისი თქმით, იმდენად რთული პირობებია კონტრაქტით შემოთავაზებული, რომ „ფაქტიურად,  ჩვენ  რომ არ ვიყოთ კონსტრუქციულები შესაძლებელია,  ეს შეხვედრა  უშედეგოდაც დასრულებულიყო“, - აღნიშნავს კიკაბიძე.

ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მოსახლეობისთვის მათი დარიგება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. აღნიშნული წინადადება საქართველოს უწყებათაშორისმა კომისიამ „მაესტროს“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შესთავაზა. ტელეკომპანია „მაესტრო“ ამ შეთავაზებაზე დათანხმდა, თუმცა პირობების დასაზუსტებლად და კონტრაქტის გასაცნობად მათ შეხვედრა უწყებათაშორისი კომისიის და საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებთან  გამართეს.