ანასეულში 70 წლის მარტოხელა შვილმკვდარი პენსიონერი დღემდე სადაზღვევო პოლისის მოლოდინშია

ანასეულში 70 წლის მარტოხელა შვილმკვდარი პენსიონერი დღემდე სადაზღვევო პოლისის მოლოდინშია

  „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი და ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კალანდაძე ოზურგეთის რაიონში, ანასეულში მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო. მაჟორიტარობის კანდიდატი მარტოხელა პენსიონერი ქალბატონის ლეილა ქავთარაძის ოჯახსაც ეწვია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ იგი 70 წლისაა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაზღვევის პოლისი ეკუთვნის და ამის შესახებ უკვე არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, მისი თხოვნა დღემდე არ იქნა დაკმაყოფილებული.

 „70 წლის ქალბატონი, მარტოხელა პენსიონერი, შვილმკვდარი დედა და დღემდე კუთვნილი სამედიცინო დაზღვევის პოლისის მოლოდინში. ამ ადამიანისთვის არც ხელისუფლება არსებობს, არც მთავრობა და არც ხელისუფლების მიერ აგრე რიგად ნაქები „ეფექტური“ სოციალური პოლიტიკა. და ყველაზე სამწუხარო და გულსატკენი ისაა, რომ ქალბატონ ლეილას მსგავს მდგომარეობაში ოზურგეთსა და მთელს გურიის რეგიონში ძალიან ბევრი მოხუცი და მარტოხელა ადამიანია - ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ მიტოვებული და უყურადღებოდ დატოვებული“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

როგორც ანასეულში შეკრებაზე მოსულმა ადამიანებმა აღნიშნეს, ასეთი ტიპის სოციალურად დაუცველი ოჯახები მათ დასახლებაში მრავლადაა. ქალბატონმა ლეილა ქავთარაძემ და თავად ამ ადამიანებმაც რამდენჯერმე დასვეს ამ ოჯახებისთვის მათთვის კუთვნილი პოლისის და უმწეობის სტატუსის მინიჭების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ. „ნუთუ ის საკმარისი არ არის, რომ სამუშაო არ გვაქვს და ბედის ანაბარად ვართ მიყრილნი, რომ მთელს ანასეულს და ოზურგეთს სასმელი წყლის ნაცვლად პირდაპირ მდინარის გაუფილტრავ წყალს გვასმევენ. ახლა, რაც ეკუთვნით ამ გაჭირვებულ ოჯახებს, იმასაც ამადლიან“ - აღნიშნეს შეკრებაზე მოსულმა ანასეულის მაცხოვრებლებმა.

ლევან კალანდაძე ამ გაუსაძლისი მდგომარეობის უმთავრეს მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობა და სოციალური უპასუხისმგებლობა დაასახელა. „მემარჯვენეები“ მიმართავენ გუბერნატორის აპარატს და ოზურგეთის რაიონის გამგეობას გულისხმიერებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს, დროულად შეისწავლონ ანასეულის პრობლემები და მიიღონ გადამჭრელი ზომები მათ სალიკვიდაციოდ.