„ფონდი ქომაგი“  ფილიპ დიმიტროვს  ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში დახმარებას სთხოვს

„ფონდი ქომაგი“ ფილიპ დიმიტროვს ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში დახმარებას სთხოვს

"ფონდ  ქომაგმა“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს მიმართვა გაუგზავნა, სადაც დიმიტროვს, მისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობისაკენ მოუწოდეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილი აქვს დემოკრატიული პრინციპების ბარბაროსულ გათელვას, სადაც ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ უმძიმესი რეპრესიების ფორმებს იყენებს.

ასევე ქომაგის წარმომადგენლები განცხადაებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ფონდის იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას, იგონებენ და თავადვე თხზავენ გაურკვეველ სქემებს.

ამიტომ „ქომაგი“ევროკავშირის ელჩს ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში დახმარებას სთხოვს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ღიად და გამჭვირვალედ გააცნოს ფონდის საქმიანობის დეტალები.

„ფონდ ქომაგის“  განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„აშშ -ს არაერთი წარმომადგენელი აცხადებს მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად, რომ საქართველში შედგა წარმატებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო უნდა ვაღიაროთ დემოკრატიის შუქურად და ნიმუშად მთელ მსოფლიოში.

სამწუხაროდ, ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ იძულებულია გაუწყოთ, რომ საქართველოში ადგილი აქვს დემოკრატიული პრინციპების ბარბაროსულ გათელვას: მიმდინარეობს ოფიციალური სახელისუფლებო პოლიტიკისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების უმძიმესი რეპრესიები. ამ რეპრესიის შინაარსი არსებითად გახლავთ ცოცხალი, მოქმედი და შემოქმედი ადამიანების ფინანსური განიარაღება და ხელ-ფეხის მოჭრა ნებისმიერი სასიცოცხლო ქმედებისათვის, მითუმეტეს, რომ საქართველოში ოფიციალურად ისედაც არის აღიარებული, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა მოქალაქეებისა არ არსებობს. სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი გახლავთ ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ხუთ მილიონიანი ჩვენი ქვეყნიდან მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე გადაიხვეწა უცხო ქვეყნებში სიცოცხლის გადასარჩენად: ყოველდღიური საარსებო სახსრების საშოვნელად უმძიმესი შრომის ფასად. „ფონდი ქომაგი“ მიზნად ისახავს უკიდურეს მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების ფინანსურ დახმარებას რეკომენდაციების გზით გულშემატკივარი ემიგრანტების მოხმობით. აღნიშნული დახმარება მათი დღევანდელი გაუსაძლისი მდგომარეობის შემსუბუქების ერთადერთ რეალურ საშუალებას წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ ეწევა „ფონდი ქომაგის“ მიერ მოპოვებული შემოწირული თანხების დაყადაღებას და კრიზისში ჩავარდნილი ადამიანების დაუნდობელ ფინანსურ რეპრესიას, რაც სრულიად გამჭვირვალედ ადამიანის ანუ ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო უფლების უარყოფამდე და განწირვამდე მიდის. (აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ფონდისა და ბენეფიციარების მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამართალდარღვევების კონკრეტულ ფაქტებს. იხ. დანართი 1).

სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ფონდის იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას, იგონებენ და თავადვე თხზავენ გაურკვეველ სქემებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფონდი თავისი დაარსების დღიდან საქმიანობას ახორციელებს კანონის ყველა ნორმის დაცვით. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ფონდი არ ემსახურება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს, ჩვენი მიზანია უსამართლოდ რეპრესირებული მოქალაქეების გვერდში დგომა და შეძლებისდაგვარად მათთვის დახმარების გაწევა.

თქვენ, ბატონო ელჩო ასევე, მოგმართავთ თხოვნით, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა და ღირსებათა დაცვის ქვეყნის წარმომადგენელს, რომ დაგვეხმაროთ ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში, ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე, ღიად და გამჭვირვალედ გაგაცნოთ ფონდის საქმიანობის დეტალები. მივესალმებით თუკი თქვენ ინტერესს გამოხატავთ და განახორციელებთ ჩვენი საქმიანობის მონიტორიგნს. ასევე, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დაგვეხმაროთ და იმოქმედოთ საქართველოს ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ და საშუალება მოგვცეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ ფინანსურად გაძარცვული ადამიანების სიცოცხლისა და ცხოვრების ელემენტალური პირობების შენარჩუნებაში“, - ნათქვამია მიმართაში.

მიმართვას თანდართული აქვს დარღევების კონკრეტული ფაქტები, სადაც  დეტალურად არის წარმოდგენილი ის ზეწოლები და დარღვევები, რომელიც  როგორც ფონდის, ასევე კონკრეტული მოქალაქეების მიმართ განხორციელდა. ქომაგის ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ  ჰქონდა ადგილი საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით აღიარებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, კერძოდ:

„2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ფონდი ქომაგის“ ბენეფიციარებს სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით, მუქარით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მოქალაქეებს არ განემარტათ ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.

ასევე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ერთ-ერთი ბენეფიციარის _ გივი ქურიძის მონათხრობი. იგი დაავადებულია “ც” ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზით და ასციტით.  2012 წლის 5 ივნისს გ.ქურიძემ გაიკეთა ოპერაცია,  9 ივნისს პალატაში მიაკითხა სამმა პოლიციელმა და მიუხედავად ექიმის წინააღმდეგობისა იგი პოლიციელებმა ყოველგვარი გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მაინც წაიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში.  ქურიძე დაკითხვის დროს  შეუძლოდ გახდა, ამიტომ იგი საავადმყოფოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, იმავე დღეს გივი ქურიძე ისევ წაიყვანეს მოდულის შენობაში დასაკითხად. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ქურიძე კვლავ ცუდად გახდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბენეფიციარს _ მოქალაქე ნ.ბელქანიას სამუშაო ადგილას მიაკითხეს პოლიციელებმა, რომელთაც მანქანაში მისი არასრულწლოვანი შვილი ეჯდათ.

2012 წლის 28 ივნისს დილის 09:00 საათზე შსს სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში კვლავ მიაკითხეს ქომაგის ბენეფიციარებს და დაკითხვაზე დაიბარეს ისე, რომ არ განუმარტავთ რა სტატუსით და რომელ დანაშაულზე უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მართალია, დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, არც მერე განმარტებიათ. დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ზოგ შემთხვევაში _ 10 საათის განმავლობაში, მაშინ როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაკითხვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს. 

სახელმწიფოს მოხელეების მხრიდან ფონდი ქომაგის ბენეფიციარების მიმართ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციით აღიარებული ადაიანის პატივისა და ღირსების შემლახავ ქმედებებს, კერძოდ:

2012 წლის 06 სექტემბერს დაახლოებით საღამოს 06:00 საათზე ფინანსური პოლიციის სახელით ფონდი ქომაგის ბენეფიციარებს დაუკავშირდნენ და კატეგორიული და მუქარის ტონით დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე. ამ შემთხვევაშიც ბენეფიციარებს არ განმარტებიათ რა სტატუსით და რა საქმეზე ხდებოდა მათი დაბარება. მოქალაქე ზურაბ მშვიდობაძემ პოლიციელებს განუმარტა, რომ ვერ გამოცხადდებოდა იმავე დღეს, ვინაიდან მას არ ჰქონდა გზის ფული, პოლიციელებმა მას სახლში უწყების გარეშე მიაკითხეს და კვლავ კატეგორიულად ღირსების შემლახავი ტონით მოსთხოვეს პოლიციაში გამოცხადება.  მოქალაქე _იური მეტრეველი სატრანსპორტო საშუალებით კახეთისკენ მიემგზავრებოდა. პოლიციელებმა მასაც კატეგორიულად  და ღირსების შემლახავი ტონით მოსთხოვეს ავტობუსიდან ჩამოსვლა. საბოლოოდ იური მეტრეველი პოლიციის თანამშრომლებმა კახეთის გზატკეცილზე ავტობუსიდან იძულებით ჩამოსვეს და წაიყვანეს ფინანსურ პოლიციაში.

აღსანიშნავია პროფესორი დენიზა სუმბაძის შემთხვევაც, რომლისთვისაც პოლიციაში დაბარების კატეგორიული ტონი ღირსების შემლახველი გახლდათ: იგი რამდენიმე სატელეფონო ზარისა და მუქარის შემდგომ იძულებული გახდა დაეტოვებინა მეგობრების თავყრილობა საგურამოში და გამოცხადებულიყო საღამოს 09:00 საათზე ფინანსურ პოლიციაში.

განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დაკითხვის შინაარსიდან გამომდინარე არ გამოიკვეთა იმის აუცილებლობა, რომ ქომაგის ბენეფიციარები არასამუშაო საათებში დაუყოვნებლივ, გადაუდებლად და სასწრაფოდ გამოცხადებულიყვნენ ფინანსურ პოლიციაში.

სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს კანონით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფას, კერძოდ:

„ფონდი ქომაგის“  ბენეფიციარებს დაუყადაღდათ საბანკო ანგარიშები, რითაც მათ შეეზღუდათ არა მარტო ქომაგის რეკომენდაციით ემიგრანტების მიერ ჩარიცხული თანხის, არამედ სოციალური დახმარებების, დევნილობისა და ნამსახურეობის პენსიების, პირადი გზავნილების განკარგვის საშუალება. აღნიშნული ანგარიშების დაყადაღებით ბენეფიციარები დარჩნენ საარსებო მინიმუმის გარეშე.

სასამართლოში „ფონდი ქომაგის“ სასარჩელო განცხადების განხილვისას დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ისეთი  ფუნდამენტური პროცესუალური პრინციპი, როგორიცაა

ა) სასამართლო პროცესის საქვეყნოობა

„ფონდი ქომაგის“ საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს  „ფონდი ქომაგის“ თანამშრომლებმა, რიგითმა მხარდაჭერებმა, სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მიუხედავად ადვოკატებისა დაჟინებული მოთხოვნისა, სხდომა ჩატარდა მცირე 10 კაციან დარბაზში. საქართელოს მოქალაქეებს შეეზღუდათ პროცესზე დასწრების უფლება, მიუხედავად იმის, რომ არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საამისო საფუძველი.

 ბ) შეჯიბრებითობა

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დიდი მოცულობის (70 ფურცელი) მტკიცებულებები, რომლის გაცნობის საშუალება მოსარჩელე მხარეს ამ სხდომამდე არ ჰქონდა. მოსასრჩელე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და მოითხოვა სხდომის გადადება მეორე დღისთვის მტკიცებულებათა გაცნობისა და პოზიციების რწმუნებულებთან (ია მეტრეველთან და გერმანიაში მყოფ ბიძინა გიორგობიანთან) შეთანხმების მიზნით. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა მხარეს და მტკიცებულებათა გასაცნობად მხოლოდ 30 წუთი მისცა, რაც შეეხება რწმუნებულთან პოზიციების შეთანხმებას სასამართლომ აღნიშნული საკითხი საერთოდ უგულებელყო“, - ნათქვამია დანართში.