„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ  აქცია - „მეტი სარგებელი რუსეთს“ გამართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია - „მეტი სარგებელი რუსეთს“ გამართა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ხელისუფლებას სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით, კოალიციის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია - „მეტი სარგებელი რუსეთს“ გამართა.

აქტივისტების განცხადებით,  ხელისუფლების წარმომადგენლები უშედეგოდ ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ რუსულ პროექტად წარმოაჩინონ, რეალურად კი, რუსეთის ინტერესების გამტარებელი მმართველი გუნდია და ამის მაგალითი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვაა.

„ამ პროცესის მთავარი შემოქმედი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძეა, რომელიც მინისტრობის პერიოდში დაწყებულ საქმეს დღესაც არაფორმალურად განაგრძობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი გადაქცეულია ნოტარიუსის პალატად, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე აწერს ხელს“, - აცხადებენ ახალგაზრდები.

აქციის ფარგლებში ახალგაზრდებმა სამინისტროსთან კახა ბენდუქიძის საწინააღმდეგო პლაკატები და იმ ობიექტების ჩამონათვალი წარმოადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ბენდუქიძემ რუსეთს მიყიდა.

ჩამონათვალში ჟინვალის, შაორის, ხრამის და რიონის ჰესები, ასევე რკინიგზა, „ფერო“, „ყაზტრანსგაზი“,  გაზისა და ნავთობის გამანაწილებელი კომპანიები და ბანკები მოხვდა.