კახა კუკავა: Forsa  ზუსტად ისეთივე თაღლითია, როგორც NDI და IRI

კახა კუკავა: Forsa ზუსტად ისეთივე თაღლითია, როგორც NDI და IRI

 „ყველაზე ობიექტური კვლევა "თავისუფალი საქართველოს" დაკვეთით, რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარდა“, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს „პრაიმთაიმსში“ გამართულ პრეკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში  განაცხადა და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობა გამოუცხადა.

როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ბევრი არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაინახეს მათ სოციოლოგიური კვლევების ჩატარების დროს როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ორგანიზაციების მხრიდან.

კუკავა რამდენიმე დღის წინ ფორსა-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ფორსა“ ზუსტად ისეთივე თაღლითია, როგორც NDI და IRI.

„თუკი ჩაატარეს მართლაც ეს კვლევა, ჩვენც გვაჩვენონ, სად, რომელ უბანში ჩაატარეს და გვაჩვენონ ისიც, თუ სად იპოვეს თუნდაც "ქრისტიან-დემოკრატების" ამდენი მხარდამჭერი", - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები ოფისებშივეა შექმნილი და სინამდვილეში მათ არანაირი სოციოლოგიური კვლევა არ ჩაუტარებიათ.

მისი თქმით, რამდენიმე დღეში, საქართველოს მასშტაბით, კვლევის ჩატარებას აპირებენ.

„მედიას მოვუწოდებთ, ჩაერთონ პროცესებში და პროცესს დააკვირდნენ მის მიმდინარეობას“, - დასძინა კუკავამ.