ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალ „ბიაფს” 16–დან 23 სექტემბერამდე ბათუმის კინოთეატრი „აპოლო” და სასტუმრო „რედისონი” უმასპინძლებს.

კინო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური, 40 კი მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-22 ქვეყნიდან.

საფესტივალო პროგრამაში აქცენტი 2011-2012 წლებში გადაღებულ არაკომერციულ ფილმებზე კეთდება. ფილმების ჩვენება ყოველდღე 12:00 საათზე დაიწყება და მაყურებელი დღეში დაახლოებით ხუთ ფილმს იხილავს. განსაკუთრებული ფილმები კი 22:00 საათზე იქნება ნაჩვენები.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით ბათუმს სტუმრები ევროპიდან, აშშ-დან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან ესტუმრებიან. ისეთი ცნობილი კინორეჟისორები და მსახიობები როგორებიც არიან ალი მოსაფა, ლეილა ხატამი, ფარდინ საჰებზამანი, ჰუსეინ კარაბეი, ალპერ ოზჩანი, სერგეი ბუკოვსკი და სხვები. კინოფესტივალის საპატიო სტუმრები კი ცნობილი რეჟისორი იერჟი ჰოფმანი, ასევე ცნობილი თურქი რეჟისორი ნური ბილჯე ჩეილანი და ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია იქნებიან.

„ბიაფის” კინოფესტივალის პროგრამა შედგება სექციებისგან: საერთაშორისო კონურსი - მხატვრული კინო, საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური კინო, საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმები და აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო - კავკასია, ცენტრალური აზია, თურქეთი, ირანი.

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ხუთკაციანი ჟიურის თავჯდომარე ელდარ შენგელაია, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავჯდომარე რადოსლავ პივოვარსკი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის თავჯდომარე კი სიტორა ალიევაა.

კინოფესტივალის დირექციის მიერ დაწესებულია შემდეგი პრიზები: გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი, ჟურის სპეციალური პრიზი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის - Lifetime Achievement Award - კი ქართველ რეჟისორ ელდარ შენგელაიას და პოლონელ რეჟისორ იერჟი ჰოფმანს გადაეცემა.

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, ინდუსტრული შეხვედრები, დოკუმენტური კინოს ვორკშოპი და ბლოგერების კონკურსი.