ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში პატიმართა უფლებები რეგულარულად ირღვევა

ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში პატიმართა უფლებები რეგულარულად ირღვევა

სახალხო დამცველის აპარატმა ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებების გეგმური მონიტორინგის თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გეგმური მონიტორინგი განახორციელა ქუთაისის #2 და გეგუთის #14  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, პატიმართა უფლებების რეგულარული დარღვევა ხდება.

From.ge სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გეგმური მონიტორინგი განახორციელა ქუთაისის #2 და გეგუთის #14  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მონიტორინგის წინასწარი შედეგები ცხადყოფს, რომ ქუთაისის #2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ხდება პატიმართა უფლებების რეგულარული დარღვევა. ადგილი აქვს პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის მრავლობით შემთხვევებს. მიგვაჩნია, რომ ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა გახდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის  და საგამოძიებო ორგანოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს მკვეთრად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება დახვდათ გეგუთის #14 დაწესებულებაში. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია, რაც მისასალმებელი ფაქტია.

გეგმური მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში პატიმრებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასაც.

მონიტორინგის პირველადი შედეგები

მონიტორინგის მსვლელობისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ პატიმრებს, დაწესებულებების თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს. ძირითადი აქცენტი გაკეთდა პატიმრებთან მოპყრობის საკითხებზე.

  ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ თანამშრომლები მათ როგორც წესი ექცევიან უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად. პატიმრების თქმით, ისინი ცდილობენ არანაირი კონტაქტი არ იქონიონ ადმინისტრაციასთან, რადგან ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით პატიმრების მოთავსება ე.წ. ,,ბოქსებში“ ( 2–3 კვ.მ. ფართობის სათავსო, სადაც არც საწოლია, არც სკამი და  იქ მოთავსებულ პირებს პირდაპირ ბეტონის იატაკზე უწევთ ძილი) იშვიათად ხდება, თუმცა რამდენიმე პატიმარმა აღნიშნა, რომ ისინი ექიმის მოთხოვნის გამო, ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ე.წ. ,,ბოქსში“ მოათავსეს. ასევე, მსჯავრდებულთა განმარტებით, თუ დარღვევა ,,მნიშვნელოვანია“ ისინი სამარტოო საკნებში ე.წ. ბოქსების გავლით ჩაყავთ, სადაც მათზე  ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.

  მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს კანონით განსაზღვრულ ერთ საათზე მეტი ხნით  ეძლევათ უფლება გავიდნენ  სუფთა ჰაერზე, პატიმართა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ერიდებიან აღნიშნული უფლებით სარგებლობას, ვინაიდან სასეირნოდ გასვლისას თანამშრომლები ხშირად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქუთაისის #2 დაწესებულებაში კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები – ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი, რაც ადმინისტრაციისთვის ზეწოლის დამატებითი მექანიზმია. ადმინისტრაცია პატიმრებს ავალდებულებს, საკნებში დააწესონ მორიგეობა, რა დროსაც მორიგე პატიმარი პასუხისმგებელია თავისი თანასაკნელების მიმართ და ამავე დროს პასუხს აგებს თანასაკნელების მიერ ჩადენილ ნებისმიერ გადაცდომაზეც. მორიგეობაზე უარის თქმა, თავის მხრივ, ფიზიკური შეურაცხყოფის ან დასჯის მიზეზი ხდება.

პატიმართა გადმოცემით, უკანასკნელ პერიოდში დამატებითი მოთხოვნები დააწესა ადმინისტრაციამ, კერძოდ, დღის ნებისმიერ დროს, როდესაც დაწესებულების თანამშრომელი შეიხედავს კარის სათვალთვალოში, პატიმრები ვალდებულები არიან ადგნენ ფეხზე და დადგნენ ერთ ხაზზე. ამ შემთხვევაში არ ხდება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება და ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული წესის დაუცველობა  დასჯის მიზეზი ხდება.

თითოეულ პატიმარს აბანოთი სარგებლობა შეუძლია კვირაში ერთხელ, ხოლო ტელეფონით -  მათთვის სასჯელის მოხდით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად განსაზღვრული ინტენსივობით, თვეში ორჯერ ან სამჯერ, თუმცა კანონით დადგენილი 15 წუთის ნაცვლად, მათ შეუძლიათ დარეკონ მხოლოდ 5 წუთით, ისიც ორ ნომერზე.

ქუთაისის #2 დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები კვლავ ერთად არიან განთავსებულნი. მათ შორის არიან მსჯავრდებულებიც, რომლებსაც სასჯელის მოხდა განსაზღვრული აქვთ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში და უკანონოდ იმყოფებიან დახურული რეჟიმზე.

მონიტორინგის დროს კარანტინში იმყოფებოდა 16 პატიმარი. კარანტინის საკნის ან სათვალთვალოს გაღებისას პატიმრები თავზე ხელებდაწყობილ მდგომარეობაში დგებიან სახით ფანჯრისკენ.  მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს მიღებისას უნდა ამოწმებდეს მხოლოდ ექიმი, #2 დაწესებულებაში ადგილობრივი თანამშრომლის გარდა, პატიმრის შემოწმებას ესწრება პოლიციის თანამშრომელი, ვისაც პატიმარი შეყავს ციხეში.

კარანტინში განთავსებულ პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ გასეირნების უფლებით და აბანოთი.  მათ ადმინისტრაცია არ აძლევს თეთრეულს, ჰიგიენურ ნივთებს და ზოგ შემთხვევაში, ტუალეტის ქაღალდსაც კი.  ასევე, შემოწმებისას პატიმრებს აშიშვლებენ და ტანსაცმელს აყრევინებენ იატაკზე, რომელიც შემდეგ ისევ უნდა ჩაიცვან. კარანტინში მყოფ პატიმრებს ზოგჯერ ჭურჭელიც არ მიეწოდებათ და ისინი იძულებულნი არიან ისარგებლონ ერთმანეთის თეფშებით და კოვზებით, რაც გადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

  ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს არ აქვთ ტელევიზორები, როგორც ყველა სხვა დაწესებულების პატიმრებს, მათაც არ მიეწოდებათ ჟურნალ-გაზეთები - არც ფოსტით და არც მაღაზიის საშუალებით, ხოლო რადიოს ჩართვა დაშვებულია მხოლოდ ძალიან დაბალ ხმაზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის რადიოთი სარგებლობასაც.

გეგუთის #14 დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მოინახულეს ყველა საცხოვრებელ კორპუსზე განთავსებული მსჯავრდებულები. მათგან არცერთს არ გამოუთქვამს პრეტენზია თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მსჯავრდებულთა თქმით, დაწესებულების დირექტორი რეგულარულად მიდის მათ მოსანახულებლად, ესაუბრება და ცდილობს დახმარებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიესალმება აღნიშნულ პრაქტიკას და მიაჩნია, რომ ამგვარი რეგულარული კომუნიკაციის გზით პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის ბევრი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია უმტკივნეულოდ და ყველა მხარისთვის მისაღები გზით.  მონიტორინგის დროს #14 დაწესებულების სამარტოო საკნებში განთავსებული იყო 16 მსჯავრდებული. აღსანიშნავია, რომ სამარტოო საკანში მყოფი პირები სარგებლობენ ჰიგიენური ნივთების შეძენის უფლებით დაწესებულების მაღაზიაში, შხაპის მიღების უფლებითა და გასეირნებით. აღნიშნული უფლებებით ვერცერთ სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულების სამარტოო საკანში განთავსებული პატიმრები ვერ სარგებლობენ.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის აზრით, გეგუთის #14 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული 2010 წლის შემდეგ, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და მიუთითებს აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინების დამაკმაყოფილებელ ხარისხზე. გეგმური მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა  პატიმრებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას.

ქუთაისის #2 დაწესებულების სამედიცინო სამსახური 2012 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მუშაობას განაგრძობდა  11 ექიმის მომსახურების პირობებში, ხოლო მაისის თვიდან ექიმთა რაოდენობა გაიზარდა 1 საშტატო ერთეულით. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა საშუალო სამედიცინო პერსონალის მხრივაც. მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ დაწესებულებას უკვე ჰყავს საკუთარი ექიმი ფსიქიატრი, რომელიც მხოლოდ ამ დაწესებულების კონტინგენტს ემსახურება. ფსიქიატრია/ნარკოლოგიის პროფილით, 2012 წლის იანვრიდან დღემდე მომსახურება გაეწია  293 პირს.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში „გლობალური ფონდის“ დაფინანსებით ამუშავდა „მეთადონის პროგრამა“,  რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 50 პაციენტია. მონიტორინგის პერიოდში პროგრამაში ჩართული იყო 3 მსჯავრდებული. პროგრამას ემსახურება 3 ექიმი სპეციალისტი (2 ფსიქიატრი/ნარკოლოგი, 1 ნარკოლოგი). სამედიცინო პერსონალი ასევე მოიცავს 1 უფროს ექთანს და 2 დღის ექთანს. პროგრამის კოორდინატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გახსნის დღიდან დღემდე, პროგრამა  სულ 16 პირს მოემსახურა.

 

2012 წლის 18 ივნისიდან დაწესებულებაში მოქმედებს დაზიანებათა აღრიცხვის ახალი ფორმა ერთიანი ჟურნალის სახით. საანგარიშო პერიოდში აღრიცხული დაზიანებებიდან დაახლოებით 70% კლასიფიცირებულია, როგორც თვითდაზიანება, ხოლო დანარჩენი 30%, დოკუმენტაციის მიხედვით, განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ტრავმის ჯგუფს. საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილია 1 მსჯავრდებული.

გეგუთის #14 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ 2012 წლის იანვრიდან მონიტორინგის ჩატარების პერიოდამდე დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმთა რაოდენობა გაიზარდა 2 საშტატო ერთეულით და შეადგინა 9. რაც შეეხება საშუალო სამედიცინო პერსონალს, მათი რაოდენობა სტაბილურად 7 იყო. დაწესებულებაში სისტემატურად მიდიან ექიმი-კონსულტანტები და პაციენტებს უტარებენ კონსულტაციებს შემდეგი პროფილით: ფსიქიატრია, კარდიოლოგია, დერმატოლოგია, ოფთალმოლოგია და ნევროპათოლოგია. საანგარიშო პერიოდში გარდაიცვალა 1 მსჯავრდებული.

დაზიანებათა აღრიცხვა ახალი ჟურნალის მიხედვით წარმოებს 2012 წლის 17 მაისიდან. მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა ჟურნალში რეგისტრირებული 13 შემთხვევა, მათგან 8 შემთხვევა განეკუთვნება საანგარიშო პერიოდს (ივნისის ჩათვლით). აღნიშნულიდან 2 წარმოადგენს „თვითდაზიანებას“, 3 საყოფაცხოვრებო ტრავმას, ხოლო 2 შემთხვევაში დაზიანება მიყენებულია სხვა პირის მიერ. რაც შეეხება 2012 წლის იანვრიდან 17 მაისამდე რეგისტრირებულ შემთხვევებს, ექიმის განმარტებით, აღნიშნული დაფიქსირებულია საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ძველ ჟურნალში, რომელიც ამჟამად სამედიცინო ნაწილში აღარ ინახება.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაზიანებების ჟურნალის ის ფორმა, რომელიც ამჟამად მოქმედებს  სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, არ არის ადაპტირებული დაზიანებების სათანადოდ აღწერის პრაქტიკისათვის. თავად ამგვარი ჟურნალის წარმოების ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრება, როგორც პატიმრის დაწესებულებაში შესვლისას არსებული დაზიანებების, ისე ადგილზე მიღებული ტრავმების აღსაწერად, არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეკომენდაციის საგანი, თუმცა ამჟამად მოქმედი ჟურნალი ამ მიზნისთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჟურნალი იწონის 8.5 კგ-ს, სიგრძე შეადგენს 45 სმ-ს, ხოლო სიგანე - 32.5 სმ-ს, შესაბამისად, მისი ზომები ეჭვქვეშ აყენებს ჟურნალის მობილობას, რაც აუცილებელია დაზიანებების სათანადო პირობებში და პატიმრის თანდასწრებით აღწერისთვის, ასევე შეუძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალში არსებული ჩანაწერების ასლის გაკეთებაც. გარდა ამისა, მასში ერთდროულად უნდა მოხდეს შემოსვლისას არსებული და ადგილზე მიღებული დაზიანებების აღწერა, რაც ხშირად იწვევს გაუგებრობას და მექანიკურ შეცდომებს (არაერთი ასეთი შეცდომის გასწორება ექიმებს ჩვენი თანდასწრებითაც მოუწიათ). ასევე, ჟურნალში არ არის გამოყოფილი გაწეული დახმარების გრაფა, რაც გაუგებარს ხდის, რა დახმარება გაეწია პაციენტს, საჭირო გახდა თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია და ა.შ.

  შესაბამისად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიესალმება დაზიანებების აღწერის ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მცდელობას, თუმცა მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში დაზიანებების აღწერის პრაქტიკა ვერ იქნება სრულყოფილი და მისაღები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.