ბიძინა ივანიშვილი: შეიძლება ევროპელებიც კი გავაოცოთ, ისეთი სახალხო ხელისუფლება შევქმნათ

ბიძინა ივანიშვილი: შეიძლება ევროპელებიც კი გავაოცოთ, ისეთი სახალხო ხელისუფლება შევქმნათ

ბოლნისის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მარნეულს სტუმრობდა. ივანიშვილმა მარნეულში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე.

„ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს თქვენზე უკეთესად, აი,  ამის პრეცედენტს შევქმნით. ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ არ ვიცითროგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი და შემდეგ როგორ ვაკონტროლოთ არჩეული ხელისუფლება. ხელისუფლება მოდის და გვიმსახურებს ჩვენ, პირიქით უნდა იყოს. ხელისუფლება უნდა გვემსახურებოდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას თბილი შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მუხტი არცერთ რეგიონში არ უგრძვნია.

„პრეცენდენტი უნდა შეიქმნას მარნეულში, ეს უნდა იყოს ისტორიული გარდატეხის წელიწადი. ჩვენ ვიცით, რომ აქ ჩვენი ძმები, აზერბაიჯანელები ძალიან ბევრი ცხოვრობენ და ჩვენ ქართველებმა აზერბაიჯანელებთან ერთად, უნდა მოვახერხოთ  გარდატეხა და პირველად ისტორიაში,  აქ ოპოზიციურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“  უნდა გაუმარჯვოს. ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ ჩვენ რეალურად ვაცნობიერებთ, რომ ესაა ჩვენი სამშობლო, ჩვენი საერთო სამშობლო ქართველებისა და აზერბაიჯანლების. თქვენი გასაკეთებელია არჩევანი, თქვენ უნდა აირჩიოთ დღევანდელი ხელისუფლება. ეს დღე არის ერთადერთი დღე, როდესაც ხელისუფლება მთლიანად ხალხს გეკუთვნით. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ხალხს, ჩვენ შევქმნით პრეცენდენტს და ჩვენ გაჩვენებთ პირველად, თუ როგორი უნდა იყოს სახალხო ხელისუფლება. შეიძლება ევროპელებიც კი, გავაოცოთ ისეთი სახალხო ხელისუფლება შევქმნათ. ხელისუფლება იმისაა, რომ ხალხის სამსახურში ჩადგეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, მათი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,  ის პრეცენდენტი მოისპობა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხარჯზე ცხოვრობს.

„ნებისმეირ ჩვენ გუნდის წევრს დღესვე აქვს გაცნობიერებული, რომ მას აქვს ძალიან დიდი პასუხიმგებლობის გრძნობა და მოდის იმისთვის, თქვენ  რომ მოგემსახუროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.