GFK ეგზიტპოლის ფარგლებში გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს

GFK ეგზიტპოლის ფარგლებში გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს

დაგეგმილ ეგზიტპოლთან დაკავშირებით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ და კომპანიის წარმომადგენელმა ნიკ მუნმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK ეგზიტპოლის ფარგლებში გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით 220 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს.

კონტრაქტი, რომელიც ტელეკომპანიასა და კვლევით ორგანიზაციას შორის რამდენიმე დეტალის დაზუსტების შემდეგ უახლოეს ხანში გაფორმდება, არჩევნების დღეს ეგზიტპოლის და მიმდინარე თვეში ორი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას ითვალისწინებს.

 „GFK საერთაშორისო ევროპული კვლევების ლიდერია. ჩვენ ამ კომპანიასთან უკვე მეორედ ვთანამშრომლობთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ეგზიტპოლს უკვე მეორედ ატარებს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ჩასატარებლად კომპანიის მოწვევა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მათ მიერ განხორციელებული ეგზიტპოლის სიზუსტემ და მაღალმა ხარისხმა განაპირობა. ადგილობრივ არჩევნებზე ცდომილება მინიმალურ, 2%-ს შეადგენდა“, - განაცხადა ჭანტურიამ

GFK-ის წარმომადგენელის ნიკ მუნმის განცხადებით,  მათ საქართველოში ოფისი არ აქვთ და სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეარჩევენ იმ ორგანიზაციას, რომელიც მათ საქმიანობის პროცესში დაეხმარებათ.

რაც შეეხება კონკრეულად არჩევნების დღეს ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის პერიოდულობას, დღის 12:00 საათზე, 17:00 საათსა და 20:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგზიტპოლის მიმდინარე შედეგებს მიაწვდის მაყურებლებს,21:00 საათზე კი საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი.

კონტრაქტის ღირებულება 230 ათას აშშ დოლარს შეადგენს.