სააკაშვილმა გურიის სოფლები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

სააკაშვილმა გურიის სოფლები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის რაიონს ესტუმრა და სოფელ შრომაში გზის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა გზის დაგებაში მონაწილეობა თავადაც მიიღო და პროექტის დეტალებით დაინტერესდა.
განახლებული გზა შრომას, ნატანებსა და ურეკს ერთმანეთთან დააკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე სულ 200 ადამიანი დასაქმდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ძალიან სერიოზულად მოკიდა ხელი გურიის ინფრასტრუქტურას. მისი თქმით, სოფლისკენ მომავალ გზაზე საკუთარ თავს რაამდენიმე დავალება მისცა.
„ჯერ ერთი სკოლაა გასაკეთებელი, ასევე ადმინისტრაციული შენობა და კლუბებია გასაკეთებელი. გზა მნიშვნელოვანია, მარტო გზა ვერ წყვეტს ყველაფერს, მაგრამ მას მოაქვს დასაქმება, განვითარება. ხელი ჩვენ ყველას გვაქვს ორი და იმდენი საქმე იყო თავიდან, რომლიდან დაგვეწყო მეც აღარ ვიცოდი ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე პრეზიდენტი სოფელ ნატანებში პროგრამის "ღიმილიანი საქართველო" მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი პაციენტებს და ექიმებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ადამიანს კბილის პრობლემა როდესაც აქვს, კვება და შესაბამისად, ჯანმრთელობა ერღვევა. ღიმილი აღარ უხარია და სამსახურში სიარული აღარ უნდა. მთლიანად ინგრევა ფსიქოლოგია", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.